პოლიტიკა
ბორის ჩოჩიევი: „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გეგმა ბოკერიამ შეიმუშავა და ამას ივანიშვილიც ადასტურებს“

CoCieviთბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ ბორის ჩოჩიევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გეგმა 2006 წელს მაშინდელმა პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ შეიმუშავა და ბიძინა ივანიშვილის განცხადება მათ სიმართლეს კიდევ ერთხელ ადასტურებს“.

ჩოჩიევის განცხადებით, „ქართველი ბიზნესმენის – ბიძინა ივანიშვილის, განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ოსური მხარის სიმართლეს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში იმის შესახებ, რომ ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდაა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით რაიმე შედეგის იმედი არ უნდა გვქონდეს“.

ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გეგმა არა მხოლოდ 2004 და 2008 წლებში განიხილებოდა, არამედ მსგავსი აქცია 2006 წელსაც იგეგმებოდა. ამ გეგმას კი გიგა ბოკერია ამუშავებდა, თუმცა იგი არც შს და არც თავდაცვის მინისტრი იყო. იგი საერთოდ არაფერ კავშირში იყო საქართველოს ძალოვან უწყებებთან. საიდან ჰქონდა უბრალო დეპუტატს ამდენი უფლებამოსილება? შეეძლო თუ არა მას, გადაეწყვიტა ისეთი საკითხები, როგორიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარების შეყვანაა? ბოკერიამ შეიმუშავა გეგმა სუფთა ველი და ივანიშვილის განცხადების თანახმად, ასეთი უფლებამოსილება მან არა სააკაშვილისგან, არამედ იმ ქვეყნიდან მიიღო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ავანტიურაში მხარს უჭერს“, – აცხადებს ჩოჩიევი.

მისივე თქმით, „ბოკერიას პოსტსაბჭოთა სივრცეში არა მხოლოდ „ფერადი რევოლუციების“ მოწყობა ასწავლეს, არამედ აგრესიის განხორციელებაც“. ადრე თუ გვიან საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ობიექტურ შეფასებას მისცემს და ბევრი ქვეყნის მიერ სააკაშვილის ბანდის მხარდაჭერას დაგმობს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კეთილშობილური ჟესტს, რომელმაც 21- საუკუნის მთავარი დამნაშავე სააკაშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა, – განაცხადა ჩოჩიევმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მიმართვაში შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს ახსენებს, კერძოდ: „გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწად-ნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი, ბოკერია დამერწმუნებინა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა. მაშინ კი შევძელი, დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იმავე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა“.