პუბლიკაციები
ტრაგიკული ტალანტი

zinaida40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც შეწყდა სიცოცხლე უკანასკნელი ტრაგიკოსი მსახიობისა. რა დააკლდა ქართულ თეატრს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახით? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: ჩვენ დავკარგეთ დრამის თეატრის ლეგენდარული ინტელექტუალური მსახიობი, დიდი ტრაგიკოსი, უდიდესი შინაგანი სულიერი ძალის მაღალი პროფესიონალი, მხატვრული სიტყვის პატრონი და ჭირისუფალი, იშვიათი პიროვნება და გულანთებული მამულიშვილი!

ზინაიდა კვერენჩხილაძე ქართულ თეატრში 1956 წელს მოვიდა უკომპრომისობით, თავისი სათქმელით, გამორჩეული ხმით, ტკივილით... მოვიდა და მოიტანა აზრი, ემოცია, ამაღლებულის ესთეტიკა, მეტყველი პლასტიკა, დახვეწილი ინტონაცია, მაღალი სასცენო კულტურა. 1960 წელს კი ვარსკვლავად დაიბადა იგი ქართულ თეატრში.

ზინა კვერენჩხილაძემ  დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლ „ბახტრიონში“ ლელას როლი განასახიერა. ეს იყო ძალზე სერიოზული განაცხადი ახალგაზრდა მსახიობისა, მისი პროფესიული ოსტატობისა და მოქალაქეობრივი მრწამსისა. ყველამ ირწმუნა, რომ მისი სახით ქართულ თეატრში მოვიდა გამოკვეთილად ინდივიდუალური, ორიგინალური ხელწერისა და თავისებური სტილის მსახიობი, რომლის ლირიზმით გაზავებული ღრმა დრამატიზმი და ძლიერი ემოცია ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიურ არხში მიედინებოდა.

უაღრესად მრავალფეროვანია იმ გმირთა გალერეა, რომელთა სახეები გააცოცხლა მან სცენაზე, ითამაშა არაერთი სახასიათო როლი: ტურა – 1963 წელს მიხეილ თუმანიშვილის გახმაურებულ სპექტაკლ „ჭინჭრაქაში“, ნინო – კ. როზოვის პიესაში – „ვახშმობის წინ“, ბაღის მასწავლებელი – ალ. ჩხაიძის პიესაში – „სამიდან ექვსამდე“, დედა – შადიმან შამანაძის „ღია შუშაბანდში“...  განასახიერა დრამატიზმით აღსავსე ქალები ინტელექტუალურ დრამებში: ანტიგონე – ჟან ანუის „ანტიგონეში“, ფედრა – კ. რასინის „ფედრაში“, მედეა – ჟ. ანუის „მედეაში“, ელიზაბეტ პროქტორი – ა. მილერის „სეილემის პროცესში“. მისი დიდი სტიქია იყო ტრაგედიები: იოკასტე – სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“, კლეოპატრა – შექსპირის „ანტონიო და კლეოპატრაში“, მედეა – ევრიპიდეს „მედეაში“, თამაშობდა მიუზიკლში მერი პოპინსს, სრულიად გამორჩეული იყო მისი ემილი დიკინსონი 1983 წელს უ. ლიუისის „ამჰერსტის მშვენებაში“. სხვათა შორის, ამ სპექტაკლით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ერთი მსახიობის თეატრს – ამ ესთეტიკის სათავეებთანაც ზინაიდა კვერენჩხილაძე დგას!

ზინაიდა კვერენჩხილაძე იყო რუსთაველის თეატრის პროტაგონისტი მსახიობი.

XX საუკუნის 70-იან წლებში თეატრის რეპერტუარი მის მხრებზე იდგა. ერთ სეზონში ერთდროულად უხდებოდა, ეთამაშა ტურაც და ანტიგონეც, ფედრაც და მედეაც. რუსთაველის თეატრი იყო მისი ცხოვრება, მისი სიყვარული და აღმაფრენა, ამიტომაც არ თამაშობდა დედაქალაქში სხვა თეატრის სცენაზე, თუმცა, როცა სადაც კი დასჭირდებოდა ქართულ თეატრს, ის მის სამსახურში იდგა, ეხმარებოდა რეგიონის თეატრებს, ითამაშა ფოთის, თელავის, რუსთავის თეატრების სცენაზე.

სრულიად უნიკალურია მისი ღვაწლი და დამსახურება დმანისის ძირძველ მიწაზე ქართული კულტურული ცენტრის დაარსების საქმეში. XX საუკუნის 90-იან წლებში – სამოქალაქო ომის, შიმშილის, გაჭირვების, სიცივისა და ნგრევის ხანაში, მან ჩამოაყალიბა დმანისის ქართული თეატრი, გვერდით ამოიყენა თავისი კოლეგები, სახელგანთქმული მსახიობები და, ფაქტობრივად, ამ პერიოდში დმანისი აქცია თეატრალურ ცენტრად.

ზინაიდა კვერენჩხილაძე ერთადერთი მსახიობი იყო, რომელიც დასჭირდა ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას, როდესაც პროფესორი დარეჯან რამიშვილი გამომხატველ სახეთა მოძრაობათა ფუნქციასა და ბუნებას იკვლევდა, ექსპერიმენტის ჩასატარებლად ზ. კვერენჩხილაძე მიიწვია;  ქართულ თეატრში ზ. კვერენჩხილაძე ერთადერთი ქალი იყო საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფარიკაობაში.

თანამედროვე თეატრში ზ. კვერენჩხილაძე იყო უნიკალური მოვლენა იმ მხრივაც, რომ ჰქონდა სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება, ინტერესი და სიყვარული მხატვრული სიტყვის მიმართ. მისი მეტყველების კულტურას განსაზღვრავდა გამართული, დახვეწილი სამეტყველო აპარატი, სწორი ინტონაცია, აზროვნება და ფსიქოლოგიზმი კითხვის დროს.

ვის შეუძლია მისი გამოსვლების დავიწყება?! ყოველი ლექსი ხომ მსახიობის პიროვნული პოზიციის გამოხატულებად იქცეოდა, მის სათქმელად, პროტესტად თუ ესთეტიკურ კრედოდ. იგი ერთადერთი მსახიობი ქალი იყო, რომელმაც სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წაიკითხა გოეთეს ,,ეგმონტის“ მონოლოგი.

ზ. კვერენჩხილაძე კომუნისტური დიქტატურის ეპოქაში პოპულარიზაციას უწევდა ქართულ მწერლობას, კერძოდ, ძველ ქართულ პოეზიას. ამ მხრივაც განუზომელია მისი ღვაწლი. ჯერ კიდევ 70-იან წლებში მან ესტრადაზე გამოიტანა დავით გურამიშვილის რელიგიური ლირიკა, მისი „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ (იგივე „ვაი, რა კარგი საჩინო“) და ასე აზიარა დიდი პოეტის ესთეტიკას ქართველი მაყურებელი.

ზ. კვერენჩხილაძე ერთადერთი მსახიობი ქალია, რომელმაც შემოგვთავაზა მის მიერ განსახიერებული ერთი როლის შემოქმედებითი ისტორია და ანალიზი. „ჩემი ანტიგონე“ – ასე ჰქვია იმ ნაშრომს, რომელმაც მსახიობის, როგორც თეატრალური მკვლევრისა და ფილოლოგის, უნარი წარმოაჩინა;

წლების განმავლობაში ქალბატონი ზინა იყო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თაობები აზიარა მსახიობის ოსტატობასა და მეტყველების კულტურას, ასწავლიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურის ინსტიტუტში, თბილისის სკოლებში... ყველგან, ყველგან საქმით ემსახურებოდა თავის სალოცავ ხატს – საქართველოსა და ქართულ საქმეს!

ზ. კვერენჩხილაძე იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებსაც არასოდეს მოუთხოვიათ როლი, პატივი, დიდება, სახელი და აღიარება. იგი ყოველთვის გაურბოდა მწვავე კამათს; არასოდეს არავის უნახავს სიტყვითა და მოწოდებებით გამოსული კათედრის სხდომაზე, თეატრის კრებაზე, მიტინგსა თუ კონფერენციაზე. შინაგანი წესრიგი მისი, როგორც უკომპრომისო პიროვნების, განმსაზღვრელი თვისება იყო. ალბათ ამიტომაც უკან არ დაიხევდა, არ გიღალატებდა, ერთგულად და უანგაროდ დაგიდგებოდა გვერდით. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა თეატრალურ ინტრიგაში, პრინციპების კრიზისისა და თავზარდამცემი მეტამორფოზების ულმობელ ხანაში არ აჰყოლია ცდუნებას, თვალი და გონება არ გაქცევია პირადი კეთილდღეობისაკენ, არავინ გაუწირავს, ცუდი არავისთვის გაუკეთებია.

ის პიროვნული ავტონომია, რომელიც მსახიობმა მოიპოვა, არ აძლევდა თავსმოხვეული ურთიერთობების უფლებას. მისთვის უცხო იყო „საქმის ჩაწყობა“, გარიგება, გაძრომა-გამოძრომა, პრივილეგია, შეღავათი, კატეგორიულად არ დაუშვებდა ფამილარობას, ლიქვნას, თვალთმაქცობას, ვერ ეგუებოდა უტიფარ, პირფერ, გაიძვერა ადამიანებს, უარს ამბობდა ჯილდოებზე, პრემიებზე, ჰონორარზეც კი ვერ დაელაპარაკებოდი... ყოველთვის საქველმოქმედო კონცერტებსა და საღამოებში მონაწილეობდა. ზ. კვერენჩხილაძე  ყოველთვის იქ იდგა, სადაც უანგარობა და სულიერობა იყო.

დღემდე ზინა კვერენჩხილაძე რჩება ერთადერთ ქართველ მსახიობად, რომლის პროფესიონალიზმი და მოქალაქეობრივი მრწამსი გაჟღერდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, როცა 1989 წლის 9 აპრილს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის შეწირულ მამულიშვილებს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, სიონის საკათედრო ტაძრიდან ძაძებით მოსილი ზ. კვერენჩხილაძის სახით მწუხარე ქართვლის დედა დასტიროდა. ალბათ არც ის იყო შემთხვევითი, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდში, თუკი თეატრისგან თავისუფალი დრო ექნებოდა, გული მცხეთის წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტრისკენ მიუწევდა, იქ იპოვა სულიერი შვება და სავანე, თითქმის მორჩილებაში იმყოფებოდა და, რაც უნდა გასაოცარი იყოს, ზინაიდა კვერენჩხილაძე ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომელიც მონასტრის ეზოში დაიკრძალა –ესეც მისი გამორჩეულობის ნიშანია, მან ასე გადო ხიდი თეატრსა და მონასტერს შორის!

40 დღე გავიდა უთქვენოდ, ქალბატონო ზინა! მე არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება თქვენ გარეშე. ყოველ ღამე ტელეფონის ნაცნობ ნომერს ვკრეფ, თქვენს ნომერს, და მერე მახსენდება, რომ აღარ ხართ, რომ ვეღარასოდეს შეგხვდებით, ვეღარ ვისაუბრებთ... ამაოდ გველიან თქვენი მეგობრებიც, მათთან უთქვენოდ მომიწევს მისვლა; უკვე უსახურად, ტრაგიკულად სევდიანად დგანან ის შენობები, რომლებშიც დავდიოდით, სადაც გველოდნენ... თქვენი  თეატრი და მისი სცენაც უკვე პატარა მეჩვენება, აზრი და სიდიადე დაკარგა ყველაფერმა. ისეთი გაუსაძლისია ეს მონატრება, რომ სასიცოცხლო ძალების მოკრეფაც კი მიჭირს...

ახლა სასუფევლის კარიბჭესთან დგახართ, საუკუნო განსასვენებელში გადადიხართ, იწყება თქვენი მეორე სიცოცხლე, სულიერი უკვდავი ცხოვრება! მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის ეზოში გოდერძი ჩოხელისა და ლევან გოთუას გვერდით თქვენმა საფლავმა უფრო ახლობელი გახადა ჩემთვის მცხეთაც და მონასტერიც – იქნებ ესეც რაღაცის ნიშანია?! ამ გასაყარზე კი გოდერძი ჩოხელის ერთი ლექსი ამეკვიატა და, როგორც თქვენ გეკადრებათ, ისე, პოეტურად გამოგემშვიდობებით:

„წახვედი... წაგყვა ჩემი სულიდან თმააწეწილი ფიქრების გორი,

წახვედი... ახლა ისე შორი ხარ, როგორც ცა არის ცაზედაც შორი.

რა დამრჩენია ამ საწუთროში, შენ გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრო?!

მეპატიება, რომ სადმე შეგხვდე და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.

წახვედი... დავრჩი აწეწილ ცაზე მოწყურებული უწყალო ქორი…“

 

საბა მეტრეველი