თბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ მაღალი რეიტინგი აქვს და ამას გამოიყენებს არჩევნების ჩასატარებლად, ეს არაადეკვატურია, რადგან ყველა ისე ზომავს, როგორც თვითონ მოიქცეოდა“.
რაც შეეხება იმ გარემოებას, შეცვლის თუ არა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი საარჩევნო კალენდარს, მიხეილ მაჭავარიანი არაფერს ამბობს. მაჭავარიანი კომენტარს არც იმაზე აკეთებს, მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილის გამოჩენით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული რღვევის დაწყება და კადრების გადინება.
ჟურნალისტებმა დღეს აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი კომენტარი მოისმინეს ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძისგან, რომელიც რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნა, იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის აქტიურობასა და ხელისუფლების რეიტინგზე.
შეგახსენებთ: „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.