თბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. აღნიშნული ინფორმაცია „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროში“ საუბრისას გაახმიანა. დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან კიწმარიშვილი თავს იკავებს და არ ასახელებს, კონკრეტულად, ვისი ინიციატივით დაიწყო ეს მოლაპარაკებები.
„ამ მოლაპარაკებების არსებობა ორივე მხარის სურვილია. დეტალები, ვიდრე მოლაპარაკება არ დასრულდება, ბუნებრივია, ცნობილი არ გახდება“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილს წარსული უთანხმოებების დავიწყებას და თანამშრომლობას, კერძოდ, ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის კომპანიის ერთ ლარად გადაცემას სთავაზობს. ერთადერთ პირობად კი კიწმარიშვილი ივანიშვილის „მაესტროს“ მენეჯმენტთან ინვესტიციების საკითხზე შეთანხმებას ასახელებს.შესაბამისი განცხადება „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ის მზად არის, დღესვე დაუკავშირდეს თავის ადვოკატებს ჟენევაში „მაესტროს“ მართვის უფლების გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
„მისთვის მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩემი პერსონით ასეთი გაღიზიანება. ეს შესაძლოა, ჩვენს წარსულ ბიზნესურთიერთობებს უკავშირდებოდეს. ვთავაზობ მას, ეს თემები გვერდზე გადაიდოს და ერთად ვიბრძოლოთ სააკაშვილის დასამარცხებლად. არასოდეს უნდა ვთქვათ „არასოდეს“. ჩვენ მზად ვართ, რომ ის სურვილები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით, წარმატებით იყოს რეალიზებული“, – აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ „ქართული პარტია“ ერთ-ერთი პირველი მიესალმა პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას.