აქტუალური
„ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარაა!“

vashadzeG1თბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, მის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება. ივანიშვილის პირველი განცხადებიდან მალევე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ბიზნესმენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. თუმცა მოგვიანებით ბიზნესმენის პრესსამსახურმა და პირადმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და მოქალაქეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია.

ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მორიგი განცხადება ამჯერად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა, რომელიც კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის და დასტურად ბიზნესმენის განცხადება მოჰყავს, რომლიდანაც გაირკვა, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეცაა.

საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს თანასწორი უფლებებითა და მოვალეობებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი, ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი ან მათი ოჯახის წევრები. ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა, თუმცა 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე, კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა“, – აღნიშნულია ვაშაძის განცხადებაში, თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ განცხადებას დამაჯერებლობისთვის არანაირი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი არ აქვს თანდართული.