აქტუალური
ბესელია: "ივანიშვილს უკანონოდ მოექცნენ!"

beselia44თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქინფორმისთვის ბესელიას პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ განცხადებაშია ნათქვამი, „გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და კომენტარები გავრცელდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს.

კერძოდ, ბესელიას განცხადებით, ამგვარ დოკუმენტთა შორისაა: „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის განკარგულება №484 ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე; 2006 წლის 7 მარტს გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; 2006 წლის 13 მარტს გაცემული საქართველოს პასპორტი; ასევე, ბოლოს – 2011 წლის 29 ივნისს გაცემული საქართველოს პასპორტი. გარდა ამისა, ივანიშვილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ბოლო მონაცემებით, მათ შორის, 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით.

„ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა 2004 წელს. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს წარდგენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულებით ან განკარგულების ფორმით. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, დადგენილია პასუხისმგებლობა მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეთა არაკომპეტენტური და უკანონო მოქმედებების გამო. ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე.

თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლისა, აღიარებულია დაინტერესებული მხარის უფლება – მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ადგენს, ცვლის, ზღუდავს ან აუქმებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთ პირს ეძლევა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.

იმავე კოდექსის 98-ე მუხლი ადგენს დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, ასევე, უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე არ არის ინფორმირებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი და, შესაბამისად, უცნობია, რა სამართლებრივი გადაწყვეტილებაა ამ დროისთვის მიღებული მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული წარმოების  ჩატარება  წარმოების წესების უგულებელყოფით შემაჯამებელი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია.

ამდენად, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო მოქმედება ან მოვალეობათა შეუსრულებლობა შესაბამისი ორგანოების მხრიდან ხელისუფლებისავე პასუხისმგებლობას იწვევს.

რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის არჩევანს, მან ეს არჩევანი გააკეთა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ უარს ამბობს საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის, ჩააბაროს პასპორტები შესაბამისი პროცედურით.

ხელისუფლება ვალდებულია, ნაცვლად პოლიტიკური ანგარიშსწორების დაუშვებელი მეთოდების გამოყენებისა, მოიხმოს გონიერება და არ დააყენოს საკუთარი სურვილი კანონზე მაღლა“, – ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.

ამასთან, ივანიშვილის ადვოკატი ითხოვს „მკაფიო და კონკრეტულ განმარტებას, ამავე დროს, სამართლებრივი აქტის ჩაბარებას, რის საფუძველზე და რა სამართლებრივი ფორმით გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის“.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილისთვის საქართველოს მოაქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გუშინ გააკეთა.