აქტუალური
„ამ პროცესის დასრულებას წელს შევძლებთ“

putin2თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყველა ძირითადი საკითხი უკვე გადაწყვეტილია „ყველა მთავარ პარტნიორთან“, თუმცა კვლავ რჩება პოლიტიკური საკითხები, რაც აფერხებს რუსეთის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“.

11 ოქტომბერს ჩინურ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტო „Xinhua“-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის დასრულებას წელს შევძლებთ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის“.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს პოლიტიკური საკითხია და ის ჩვენს მთავარ პარტნიორებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პუტინმა. მას მხედველობაში აშშ და ევროკავშირი ჰყავდა.

გასულ კვირას პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწოდა, ზეწოლა მოეხდინათ საქართველოზე, რათა ამ უკანასკნელს არ შეეშალა ხელი რუსეთის მსო-ში გაწევრებისთვის.

„ერთი კითხვა მაქვს: უნდათ თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ რუსეთი მსო-ს წევრი გახდეს?“ – განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა, რომ აშშ და ევროკავშირი არ უნდა „დაიმალონ ქართველების საკითხის უკან“.

„თუ მათ უნდათ, მათ შეუძლიათ ეს ძალიან სწრაფად შეასრულონ“, – აღნიშნა პუტინმა.

საქართველომ განაცხადა, რომ ჟენევაში  რუსეთის მსო-ში გაწევრების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა. მან მოსკოვი კომპრომისზე წასვლის სურვილის უქონლობაში დაადანაშაულა. თბილისი დაჟინებით მოითხოვს საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას, რათა გამჭვირვალე გახდეს ვაჭრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.