აქტუალური
თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე გატანა უკვე შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, ასევე, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით.კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. თუმცა უმრავლესობამ ოპოზიციის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა. კერძოდ, კანონმდებლობაში არ ჩაიდო გარანტია იმისა, რომ სახელმწიფო საწარმოები მთლიანად არ გასხვისდება და საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება. მსგავსი დათქმა მხოლოდ ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანიასთან მიმართებაში არსებობს.
აღნიშნული კანონპროექტი 30 სექტემბრის სხდომაზე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა მაშინ კენჭისყრის პროცედურა ჩაიშალა.
უკვე ცნობილია, რომ ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ „ნავთობისა და გაზის კომპანიის“ აქციების 24%-ის პრივატიზება იგეგმება.