თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც იაპონიის საელჩოს პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, მარტის ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, იაპონიის მთავრობამ არა მხოლოდ გააგრძელა შეპირებული პროექტების განხორციელება საქართველოში, არამედ გეგმავს 8 ახალი პროექტის დაფინანსებასაც მომავალი წლისთვის. ერთ-ერთი პროექტის – თბილისის ბალნელოგიური ცენტრის სამედიცინო აღჭურვილობის გაუმჯობესების – ხელმოწერის ცერემონია გაიმართება იაპონიის საელჩოში 2011 წლის 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
ღონისძიებას დაესწრებიან იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი მასაიოში კამოჰარა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ირაკლი გიორგობიანი, ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორი, ბატონი ნიკოლოზ სააკაშვილი, ვატიკანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მონსინიორ ფილიპო ჩამპანელი, „კარიტას-საქართველოს“ ხელმძღვანელი, ბატონი ვიტოლდ შულჩინსკი და სხვები.
პროექტი ხორციელდება იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის“ ფარგლებში. საგრანტო კონტრაქტს ხელი მოწერება იაპონიის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია – „კარიტას-საქართველოს“ შორის. პროექტის მიზანია სამედიცინო სფეროს და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გაუმჯობესება სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის გზით. პროექტის ღირებულება 90 583 აშშ დოლარს შეადგენს.