თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) სექტემბერში საქართველოში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე კიდევ ერთი საზოგადოებრივი კვლევა ჩაატარა.
26 მაისი – აქციის დაშლა
კვლევის შედეგების მიხედვით, NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას, ძირითადად, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს აკისრებს. ასე თვლის რესპონდენტთა 34%, მომხდარზე პასუხისმგებლობას კი 31% ყველას თანაბრად აკისრებს, 12% – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, 6% – აქციის მონაწილეებს, ხოლო 2% – პოლიციას.
როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, გამოკითხულთა 77%-მა იცის, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლას. ამ 77%-დან 60% მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის ტერიტორია ნებით უნდა დაეტოვებინათ. 15%-ის აზრით, აქციის მონაწილეებს შეკრება სხვა ადგილას უნდა გაეგრძელებინათ. მხოლოდ 6% თვლის, რომ აქცია რუსთაველზე უნდა გაგრძელებულიყო. ამავე 77%-დან 41% თვლის, რომ ხელისუფლებას საპროტესტო აქციის დასაშლელად ძალის გამოყენების უფლება ჰქონდა. 33%-მა შესაბამის კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 25%-ს კონკრეტული პასუხი არ გააჩნია. ამასთან, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ.პარლამენტის წევრთა რაოდენობა
NDI-მ კვლევა პარლამენტის წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებითაც ჩაატარა, სადაც ასეთი შედეგები გამოიკვეთა: პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შესახებ 2003 წლის რეფერენდუმის ანალოგიური ახლა რომ ჩატარდეს და იგივე კითხვა დაისვას, გამოკითხულთა 58% კვლავ დადებით პასუხს გასცემს. შეკითხვას – „რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, 2005 წელს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების გადაწყვეტილებას ეთანხმებით თუ არა?“ – დადებითად 65%-მა უპასუხა, უარყოფითად კი – მხოლოდ 6%-მა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომხდარი შეთანხმების შესახებ გამოკითხულთა 58%-მა არაფერი იცის და მხოლოდ 22% ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმირებულია. შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რომელიც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს, გამოკითხულთა 60% მხარს არ უჭერს. შესაბამის კითხვას დადებითი პასუხი მხოლოდ 8%-მა გასცა.
საქართველო ნატოსა და ევროკავშირში
NDI-ს ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიზანს – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რესპონდენტთა 76% უჭერს მხარს, ხოლო ქვეყნის ნატოში გაწევრებას – 74%. ამასთან, საქართველოს მთავრობის თხოვნას - დასავლეთმა საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს, NDI-ს გამოკითხულთა 61% იზიარებს, ხოლო 9%-თვის ეს თხოვნა მიუღებელია.
ცვლილებები რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონში
სამოქალაქო კოდექსში შეტანილი იმ ცვილებების შესახებ, რომელთა შედეგადაც ყველა რელიგიურ გაერთიანებას თანაბარი იურიდიული სტატუსი ექნება, ინფორმირებული და არაინფორმირებული მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბარია. კითხვას – „იცით თუ არა ამ ცვლილებების შესახებ?“ – დადებითი პასუხი გამოკითხულთა 48%-მა გასცა, უარყოფითი კი – 47%-მა. ამასთან, ამ საკანონმდელო ცვლილების შესახებ ინფორმირებული 48%-დან 69%-მა განაცხადა, რომ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, 24% კი მხარდამჭერია. ამავე 48%-დან 81% მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო, 78% თვლის, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად იქნა მიღებული. 86% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად კონსულტაციები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან უნდა გამართულიყო.
საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში
NDI-მ კვლევა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკის შეფასებაზეც ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთათვისაც ეს პოლიტიკა მისაღებია, შემცირდა. მიმდინარე წლის მარტის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გამოკითხულთა 12%-თვის იყო სრულიად მისაღები, ბოლო – სექტემბერში ჩატარებული კველევის შედეგების თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 9%-მდე შემცირდა. გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკა მისთვის სრულიად მიუღებელია, ხოლო 24%-თვის – ნაწილობრივ მიუღებელი. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას. პრეზიდენტის ეს განცხადება გამოკითხულთა 79%-თვის აღმოჩნდა მისაღები, ხოლო 3%-თვის – მიუღებელი, 18% კი ამბობს, რომ „ამის შესახებ არ იცის“.
რობერტ სტურუა
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რობერტ სტურუა დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. კითხვას – „გსმენიათ თუ არა რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ“, რესპონდენტთა 51%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 46%-მა – უარყოფითი. ზემოთ აღნიშნული 51%-დან 33% მიიჩნევს, რომ სტურუა თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს, 21%-ს სჯერა ოფიციალური ვერსიის, რომელიც ქსენოფობიურ განცხადებებს უკავშირდება, ხოლო 41%-ს პასუხი არ აქვს. NDI-ს კითხვას – „უნდა გავრცელდეს თუ არა იგივე მიდგომა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ?“ – ამავე 51%-დან 44%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. 30%ვს კითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ 24% მიიჩნევს, რომ იგივე მიდგომა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართაც უნდა გავრცელდეს.
ნდობის რეიტინგი სატელევიზიო არხებს შორის
სატელევიზიო არხებს შორის ნდობის რეიტინგის თვალსაზრისით მოსახლეობაში საპატრიარქოს არხი ლიდერობს. მის მიერ გაშუქებულ სიახლეებს NDI-ს მიერ გამოკითხულთა 61% „სრულად ენდობა“; ტელეკომპანია „იმედს“ გამოკითხულთა 25% ენდობა, ხოლო სრულ ნდობას 16% უცხადებს. გამოკითხულთა 24% „რუსთავი 2“-ს ენდობა, ხოლო სრულად მას 19% უცხადებს ნდობას. გაშუქებულ სიახლეთა ნდობის მხრივ მეოთხე ადგილზეა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. მის მიერ გადაცემულ ახალ ამბებს 21% ენდობა, ხოლო სრულად – 12%. ამავე გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე პოლიტიკისა და მოვლენების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობა „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ გადაცემებს ადევნებს თვალს.
უმუშევრობა
NDI-ს კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია. სექტემბერში ჩატარებული კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე – „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად?“ – 2 425 გამოკითხულიდან 67%-მა განაცხადა, რომ არ თვლის. შეკითხვას დადებითად 33%-მა უპასუხა. ამავე კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ, ძირითადად, 36-55 წლის ადამიანები არიან დასაქმებული. კითხვაზე – „რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას?“ – გამოკითხულთა უმრავლესობა – 45% ამბობს: „ვარ უმუშევარი და ვეძებ სამსახურს“.
ნაგვისა და საბავშვო ბაღების გადასახადები
NDI-ს კვლევებში მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა შორის ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა და საბავშვო ბაღებზე ფასების დაწესება მოხვდა. დასაქმების შემდეგ, NDI-ს რესპონდენტთა ყურადღება ნაგვის გადასახადზე ელექტროენერგიის მიბმის გადაწყვეტილებაზე მახვილდება, რაც გამოკითხულთა 48%-თვის „ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხია“. ამავე კონტექსტში საქართველოს მოქალაქეთათვის, ასევე, მნიშვნელოვანია კომუნალური მომსახურების ღირებულება (37%), ტრანსპორტის ღირებულება (32%), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემცირება (25%) და ასე შემდეგ... ამასთან, გამოკითხულთა 9%-მა ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად საბავშვო ბაღებში დიდი გადასახადი დაასახელა.