თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სულ ახლახან პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, სტუდიაში პირადად მისვლას და ინტერვიუს პირდაპირ ეთერში მაუწყებლის სტუდიიდან გადაცემას სთავაზობს. როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა თავად მოითხოვა და ბუნებრივია, მაუწყებელს ამ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს“.
გარდა ამისა, ივანიშვილს ერთობლივ პირდაპირ ეთერს სთავაზობენ ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „კავკასია“. როგორც „მაესტროს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირდაპირ ეთერში მონაწილეობა უნდა მიიღოს ბევრმა ჟურნალისტმა, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს საზოგადოების ინტერესი, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესმენის გამოჩენით. „ამ პირდაპირი ეთერის ნახვა მაყურებელს შეეძლება როგორც დედაქალაქში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. აგრეთვე, ორივე ტელეკომპანია მზადაა, ამ ღონისძიებაში ჩართოს ყველა სხვა დაინტერესებული მედიასაშუალება, რადიოები და ინტერნეტმაუწყებლები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანიების შეთავაზებებზე ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ტრიპოლსკი ბიზნესმენის პოზიციას დღეს დააფიქსირებს.