საზოგადოება
პოლიტიკური პარტიები ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ

bidzinaaaთბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. გასულ კვირას ცნობილმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. სააგენტო „პირWელის“ მასალებზე დაყრდნობით გთავაზობთ პოლიტიკური პარტიების ლიდერთა შეფასებებს ბიზნესმენის ამ ნაბიჯსა და მის განცხადებასთან დაკავშირებით.

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენას მიესალმება. „თავისი განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში ახალი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების დაწყებას მძლავრი იმპულსი მისცა. მისი პროგრამული განაცხადი სახალხო კრების მიერ დეკლარირებულ პოზიციას სრულად ემთხვევა“, – ნათქვამია კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იგივე პოზიცია აქვს უპარტიოდ დარჩენილ ოპოზიციონერ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ საქართველოში დაბუდებული შიში და ნიჰილიზმი გამარჯვების რწმენად და იმედად აქცია“.

პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე კახა სეთურიძე კი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან არც თანამშრომლობას გამორიცხავს. „ივანიშვილის წარსული და ქველმოქმედების მაგალითები არ გვაძლევს საფუძველს, მის განცხადებებში ეჭვი შევიტანოთ. როცა მისი პარტია ჩამოყალიბდება, მასთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, თუმცა ჯერ თვითონ ივანიშვილმა უნდა გააჟღეროს, რომელ პარტიებთან აპირებს თანამშრომლობას“, – აცხადებს სეთურიძე. ივანიშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს არც პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“, თუმცა მისი ლიდერი კახა კუკავა აღნიშნავს, რომ „ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ კომუნიკაციაზე, რომელიც მომავალში გაიმართება“. „ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების წინააღმდეგი არ ვარ, შესაბამისად, მასთან ურთიერთობებს არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა კუკავამ.

„ეროვნული ფორუმი“ ივანიშვილისგან კონკრეტულ საქმეს ელოდება. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების გამო იმედგაცრუებულია, რადგან ის ელოდა, რომ ივანიშვილი საზოგადოებას საკუთარ გუნდს წარუდგენდა.

რაც შეეხება ივანიშვილის პარტიასთან თანამშრომლობას, ამას კატეგორიულად გამორიცხავს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კი ბევრ საკითხთან მიმართებაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებს იზიარებს, თუმცა მასთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

„ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ხელისუფლების შეცვლის ივანიშვილისეულ ამბიციურ გეგმას მიესალმება. „მივესალმები, რომ მას ხელისუფლების შეცვლის ამბიციური გეგმა აქვს და მის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ სააკაშვილის გაფრთხილების ხასიათს არ ატარებს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლაშა თორდიას შეფასებით, „დიდი ფულის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს თავი ყველას და ყველაფრის ბატონ-პატრონად წარმოუდგენია“. „დღეს ბიძინა ივანიშვილისგან სერიოზულ განცხადებას ველოდი, სერიოზული პოზოციითა და ხედვებით, მან კი საკუთარი განცხადებით ქართველ საზოგადოებასა და მედიას მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა“, – აღნიშნა ლაშა თორდიამ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კი ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ხედავს და ბიზნესმენს დაცვის გაძლიერებას ურჩევს. როგორც შევარდნაძე აღნიშნავს, „ივანიშვილი ჭკვიანი, გონიერი ადამიანია, რომელსაც, ერთი მხრივ, ხალხი ძალიან უყვარს, მეორე მხრივ კი. ფულის ფასი იცის“.