აქტუალური
ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონა ისევ თავისუფალია!

tavisufali-zona-kobuletiთბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ 8 კომპანიის ვინაობა, რომლებსაც ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, სასტუმროების მშენებლობა უნდა დაეწყოთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინვესტორებს მშენებლობისთვის 15-თვიანი ვადა მიეცათ, რომელიც მომავალი წლის მაისში იწურება. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, მისი გაფორმებიდან 4 თვის ვადაში სასტუმროს შენობას საძირკველი ჩაუყაროს. ეს ვადა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოიწურა, თუმცა გეგმით გათვალისწინებული 30 სასტუმროდან ამ დრომდე მხოლოდ 3-ის მშენებლობაა დაწყებული.

ქობულეთში, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული პირობები შესთავაზა. სამშენებლო მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდა, ხოლო დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს უსასყიდლოდ გადაეცა. ტერიტორია საინჟინრო-კომუნალური ქსელებითა და სათანადო ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი. თავის მხრივ, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში სასტუმროს საძირკველი ჩაუყაროს, ამის შემდგომ 6 თვის განმავლობაში შენობის კონსტრუქცია ააგოს, შემდგომი 5 თვის განმავლობაში კი სასტუმრო კლიენტების მისაღებად მოამზადოს.

როგორც საქინფორმმა გაარკვია, რამდენიმე კომპანიამ საერთოდ უარი თქვა პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, რატომ არ დაიწყეს ინვესტორებმა სასტუმროების შენება.  ერთ-ერთ მიზეზად წლევანდელი ჩაგდებული სეზონი დასახელდა – მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, ზღვისპირა ქალაქებში უკმაყოფილებას არ მალავდნენ იმ მაღალი გადასახადების გამო, რაც მათ მთავრობამ დაუწესა. მომატებული ფასები საცხოვრებელ ფართებზე აისახა, რამაც დამსვენებლების სხვა საკურორტო ქვეყნებში წასვლა განაპირობა.

ამრიგად, ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, სეზონი რომ ჩავარდა, აშკარაა და ამას არც ადგილობრივი მოსახლეობა მალავს.

საქინფორმი ბათუმის ერთ-ერთ მოსახლეს ესუბრა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებას „მომავალში პრობლემების შექმნის“ გამო თავი აარიდა. „ფასების ზრდა მაღალმა გადასახადებმა განაპირობა. საკუთარ სახლში რომ დამსვენებელი მიიღო, ამაშიც ფული უნდა იხადო. ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ფასის მომატებას, რადგან ამან დამსვენებლის ნაკლებობა გამოიწვია, თუმცა თავს ზემოთ ძალა არ იყო მას შემდეგ, რაც ბევრ ჩემს მეზობელს და, მათ შორის, მეც პრობლემები შეგვექმნა. დაბალი ფასის გამო დამსვენებელი ჩვენს კოტეჯებში რჩებოდა, რის გამოც სასტუმროები გარკვეულ ზარალზე წავიდნენ, ამიტომ გადასახადები მოგვიმატეს და იძულებული გავხდით, ჩვენც აგვეწია ფასი, რის შედეგადაც სეზონი ჩავარდა“, – განუცხადა საქინფორმს ბათუმის მკვიდრმა.

შესაბამისი კითხვებით ვეცადეთ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის მიგვემართა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე პასუხი არავის აქვს და ამიტომ აჭარის მთავრობაში გადაგვამისამართეს.

ხომ არ ჯობდა, ამ თემაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსთვის მიგემართათ?! ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქინფორმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ვაჟა ბოლქვაძეს დაუკავშირდა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მე არ ვფლობ ამ საკითხზე არანაირ ინფორმაციას და ძალიან გთხოვთ, სხვასთან დარეკეთ“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

როგორც ჩანს, ჩვენს კითხვებზე პასუხი არცერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს ან, ალბათ, აქვს და მის გასაჯაროებას თავს არიდებს, რადგან ეს პასუხი მმართველი პარტიის პიარკამპანიის ჩარჩოში ნამდვილად არ თავსდება.