რელიგია
ილია II: „ნუთუ ღვთისა არ ეშინიათ ამ ადამიანებს?!.“

patriarqi7თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს თქმით, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიას  ჩირქი მოსცხონ, ღვთისგან დაისჯებიან. პატრიარქმა ამის შესახებ გუშინ – 2011 წლის 9 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ აწყობთ სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე, რომელნიც ცდილობენ, დათესონ ღვარძლი ადამიანებს შორის, მორწმუნეებს შორის. ჩვენი გაზეთები სავსეა სიძულვილით, განკითხვით, მღვდელმთავრებისა და ჩემი სურათებით, ცილისწამებით. არ ვიცი, როგორ უნდა ცხონდეს ადამიანი, სასულიერო პირს რომ ცილს სწამებს. საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ამას. ნუთუ ღვთისა არ ეშინიათ ამ ადამიანებს?!. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიას მოსცხონ ჩირქი, დაისჯებიან ღვთისაგან. ამიტომ უნდა ეშინოდეთ ამ საშინელი ცოდვის“, – ბრძანა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ აღნიშნულ საკითხზე პატრიარქის სპეციალური განცხადება წაიკითხა, რომელიც ილია მეორეს სახელით 5 ოქტომბერს გავრცელდა.