თბილისი, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან გაამდიდრებს და უფრო დინამიკურს გახდის.
ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის განცხადებაში საქართველოს საგარეო აქცენტები სწორად არის განსაზღვრული. მისი თქმით, ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს და ევროკავშირსა და აშშ-თან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ქმედითი სახე მიიღოს.
„პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი განვლილი ცხოვრებით, უდიდესი საქმეებით, უპრეცედენტო ქველმოქმედებით ასეთ უფლებას აშკარად იმსახურებს. მისი პოლიტიკაში ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან გაამდიდრებს და უფრო დინამიკურს გახდის“, – დასძენს ზურაბ აბაშიძე.
მისივე აზრით, ივანიშვილის განცხადებაში ტელევიზიებთან გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას კარგად ესმის პოლიტიკასა და არჩევნებში მედიის როლი და, როგორც ჩანს, ივანიშვილი ამ თვალსაზრისითაც შეეცდება ვითარების შეცვლას.