აქტუალური
თბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც კომპანია „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურიდან ჟურნალისტებს აცნობეს, ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად ირაკლი ტრიპოლსკი დაინიშნა. იგი შემდგომში ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრესმდივანი იქნება.
როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
„მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – ეს არის ამონარიდი მისი განცხადებიდან, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურმა გუშინ გაავრცელა. რაც შეეხება ირაკლი ტრიპოლსკის, იგი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ტრიპოლსკიმ ეს თანამდებობა 2008 წლის მაისში დატოვა, მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას“. მანვე აღნიშნა: „მე მაქვს ჩემი სახელი და პიროვნული ღირსება, ამიტომ ვერ გავხდები ვერცერთი პოლიტიკური სუბიექტის მძევალი, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. მე ანგარიშვალდებული ვარ ხალხისა და ჩემი სინდისის წინაშე“.