აქტუალური
ნანეტაშვილი ნიკოლა სარკოზის პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

trialetiiiiთბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი საფრანგეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ნანეტაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და  საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს შესაბამისი წერილი მისწერა, რომელშიც მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამართალდამცველების მიერ გორში მისი ცემის ფაქტიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მან სახალხო დამცველის ანგარიშიდან  შეიტყო, რომ „საქმის გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში დახურულა“.

„ამ ერთი წლის განმავლობაში და მანამდეც ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლას ყოველდღიურად ვგრძნობ. გამუდმებით გვითვალთვალებენ. ჩემი თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ამ ქვეყანაში  ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული არ არის. 2010 წლის 29 ნოემბერს ქარელში მცხოვრები ნინო მარჯანიძე და ორი ჟურნალისტი ერთ-ერთ კაფეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარს ჩემ შესახებ შემთხვევით შეესწრნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია იმავე კურსით მუშაობას გააგრძელებდა, ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციით იმუქრებოდნენ. მე აღნიშნულ საკითხზეც მივმართე პოლიციას, თუმცა საქმეზე გამოძიება არც კი დაწყებულა“, – ნათქვამია წერილში, რომელშიც ნანეტაშვილი საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.