ზუგდიდი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლაში ახალდანიშნულმა დირექტორმა მანუჩარ ხარებავამ ხუთი მასწავლებელი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა. დირექტორმა მასწავლებლებს გათავისუფლების მიზეზად ჯერ მინისტრის ბრძანებულება დაუსახელა, ხოლო მას შემდეგ, რაც პედაგოგებმა ახალ დირექტორს შაშკინის ბრძანებულების გაცნობა მოსთხოვეს, უკან დაიხია და აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგების – დუნია ყალიჩავას, ბედიშა მებონიას, როენა კვარაცხელიას, ნონა ესებუას და ვარდო დადვანის – ადგილზე დირექტორმა სკოლის სასწავლო ნაწილის ნათესავები დანიშნა. დირექტორს და მის მოადგილეს ნეპოტიზმში გათავისუფლებული ოთხივე მასწავლებელი ადანაშაულებს.
პედაგოგები დირექტორმა სასწავლო წლის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლა. ხუთივე მასწავლებელი დამსახურებული პედაგოგია, სკოლიდან მათ წასვლას სინანულით შეხვდნენ მოსწავლეები და მშობლები. გათავისუფლებული პედაგოგებიდან ერთ-ერთი 75 წლის ბედიშა მებონია ჭკადუაშის სკოლას 48 წელი ემსახურებოდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლაში ამ დრომდე არ ისწავლება ფიზიკა. მიზეზი კი ისაა, რომ გათავისუფლებული პედაგოგის შემცვლელი დღემდე ვერ მოიძებნა.