პუბლიკაციები
გია გეგუჩაძე: „მე კონსტანტინე ბესკოვის მიმდევარი ვარ!“

geguchadzee22

ცოტა ხნის წინათ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები უსიამოვნოდ გააოცა ინფორმაციამ, რომ კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა გია გეგუჩაძემ, რომლის სახელთანაც იყო დაკავშირებული როგორც საქართველოს ჩემპიონობა, ისე კლუბის ევროპული მომავლის იმედი.

(ცნობისათვის: ზესტაფონი ფეხბურთის კლუბი ქალაქ ზესტაფონიდან, მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში. შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება ფეროს (ზესტაფონის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანა) აქციონერთა ინიციატივით. შინაურ მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ატარებს. კლუბმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ევროთასების გათამაშების ადრეულ სტადიებში (ინტერტოტოს თასი 2007, უეფას თასი 2008/09, ევროპის ლიგა 2009/10, ევროპის ლიგა 2010/11).

მიღწევები: საქართველოს ჩემპიონი 2010/11; საქართველოს თასის მფლობელი 2007/08; საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტი 2004/05, 2005/06; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 2007/08,2009/10).

ერთი შეხედვით, რიგითი ისტორიაა – საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეხბურთის მწვრთნელები „ჩემოდნებზე სხედან“ და მუდამ მზად არიან, თავიანთი პროფესიონალიზმი ახალ ადგილზე გამოცადონ. თუმცა გია გეგუჩაძის შემთხვევაში საქმე ასე მარტივად არ აღმოჩნდა...

პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ის გუნდიდან არ გაუშვიათ; თვითონ წავიდა – ნებაყოფლობით და საბოლოოდ, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა – მოეცადა და არ ეჩქარა. ეს ხომ ევროლიგაში (ძველებურად – უეფას თასზე) გასასვლელად ბელგიის „ბრიუგესთან“ პირველი, „შინაური“ თამაშის წინ ხდებოდა. გადადგომა იმ მომენტში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო არა მარტო „ზესტაფონის“, არამედ მთელი ფეხბურთის მოყვარული საქართველოსთვის, უეჭველია, შეიძლებოდა არაპატრიოტულ ანდა, სულაც, მოღალატურ საქციელად აღქმულიყო...

არა, „საქინფორმს“ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის გამო ან სენსაციის მოლოდინში არ მიუმართავს გადამდგარი მწვრთნელისთვის – ახალგაზრდა და წარმატებული მწვრთნელი გია გეგუჩაძე ღალატს ვერ ჩაიდენდა, ის ასეთი კაცი არ არის – ასე გვეუბნებოდა ყველა, ვინც გიას პირადად იცნობს. მაშ, რა არის მიზეზი?!

გია გეგუჩაძე: – სრულ სიმართლეს არ გეტყვით. სწორად გამიგეთ, პირობა მაქვს მიცემული, აი იმის, გაუხმაურებლობის. მე კი სიტყვის კაცი ვარ. მხოლოდ არსს გეტყვით – თავისუფალი ინტერპრეტაციით. საუბედუროდ, „ზესტაფონში“ მუშაობის პერიოდში სულში უამრავი წყენა ჩამიგუბდა, კლუბის მფლობელებთან ურთიერთობაში ბევრი გაუგებრობა წარმოიშვა, და უფრო ხშირად ეს საქმის საზიანოდ და საღი აზრის საწინააღმდეგოდ ხდებოდა! ჰოდა, „დაგროვდა“...

საქინფორმის კორესპონდენტი: – გია, ბიჭებთან განშორება არ გაგიჭირდათ? ისინი ხომ თქვენთვის  ახლობლები გახდნენ...

– იცით, ახლა თქვენ მტკივნეულ სიმს შეეხეთ. ეს თავიდანვე მაწვალებდა... ერთადერთი, რაც ამ სიტუაციაში მოვახერხე – გუნდი შევკრიბე და ყველას სათითაოდ გამოვემშვიდობე. დარწმუნებული ვარ, მათ ჩემი მშვენივრად ესმით, ეს კი მომავალში ჩვენი ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია!

თუმცა ყველაზე მტანჯველი ეს არ ყოფილა... მახსოვს, იმ დღეებში როგორ მოვიდა ჩემთან უმცროსი შვილი – საბა. სამი ბიჭი მყავს. უფროსი, 16 წლის ლუკა, ჩემს კვალს გამოჰყვა, უკვე რამდენიმე წელია, ფეხბურთს თამაშობს. თუმცა მის სპორტულ მომავალზე ლაპარაკი, ალბათ, ნაადრევია. თვითონ გადაწყვიტოს, ვინ იქნება. ქალიშვილიც მყავს – თამუნა, ცოტა ხნის წინათ გათხოვდა. მოკლედ, ახლა პოტენციური ბაბუა ვარ და ეს უზომოდ მახარებს. თქვენც კარგად იცით, ადამიანს ოჯახზე ახლობელი არავინ ჰყავს.

თუმცა, ვგონებ, თემას გადავუხვიეთ... ჰოდა, მოვიდა ჩემთან ხუთი წლის საბა და ცრემლების ყლაპვით მთხოვა: „მამა, „ზესტაფონი“ ძალიან მიყვარს, არ წამოხვიდე იქიდან, გეხვეწები!..“

ვაღიარებ, ბავშვის თხოვნა ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და სრულიად განმაიარაღა. აბა, როგორ ავუხსნა, რატომ და როგორ მოხდა ყველაფერი?! მადლობა ღმერთს, შუათანა ბიჭი – გეგიც იქვე იყო. იმან გადამარჩინა. „სულელო, არაფერი გესმის? მამამ ახლა სხვა გუნდი უნდა გახადოს ჩემპიონი!“ – აუხსნა ძამიკოს.

აი, ასეთი მოულოდნელი ვერსია წამოაყენა ჩემმა გეგიმ. არადა, ის მართალია – რად ვარგა მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის ჩემპიონობაზე არ ოცნებობს! რატომაც არ უნდა ვცადო კიდევ ერთხელ, თუკი ვიცი, როგორ კეთდება ეს?.. იძულებული გავხდი, შევპირებოდი, რომ ყველაფერი სწორედ ასე იქნება.

– გუნდიდან თქვენი წამოსვლის თაობაზე გაზეთებში უკვე უამრავი ვერსია გამოჩნდა. მაგალითად, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის მრავალჯერადად გაზრდა მოსთხოვეთ, რაზეც უარი გითხრეს. სხვები ამბობენ, რომ „ბრიუგესთან“ პირველი „შინაური“ მატჩის შედეგი შეთანხმებული იყო და ეს თქვენი თანხმობის გარეშე მოხდა... არის ამ ვერსიებში რაიმე სიმართლის მაგვარი? გია გეგუჩაძემ ჩემს შეკითხვას მართლაც რომ ჩაპაევისეული უშუალობით უპასუხა:

– ყველა ამ ვერსიას შეგიძლიათ მიაფურთხოთ და დაივიწყოთ! მსგავსი არაფერი მომხდარა! ინტრიგად კი აი, რას შემოგთავაზებთ (მესმის, რომ ამის გარეშე შეუძლებელია!): როდესაც „ზესტაფონი“ ჩავიბარე, ვალდებულება ავიღე, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გავიყვანდი. ეს მიზანი სავსებით მიღწევადი იყო. მაგრამ ავსტრიულ „შტურმთან“ ძალზე საწყენი დამარცხების შემდეგ ამ იმედს დავემშვიდობეთ. ვითომ რით არ გამოდგება წამოსვლის საბაბად? ყოველ შემთხვევაში, ეს პატიოსანი საქციელი იქნებოდა. ხოლო თუ ბოლომდე გავიხსნები, მაშინ ეს, მეტაფორულად რომ ვთქვა, მიზეზთა აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია...

აი, თითქოსდა სულ ეს იყო. მაგრამ მერწმუნე, ძვირფასო მკითხველო, გია გეგუჩაძე იმსახურებს, რომ გულშემატკივრებმა მის შესახებ უფრო მეტი იცოდნენ! ამიტომ ჯიუტად განვაგრძე:

– ბევრმა ფეხბურთის მოყვარულმა მწვრთნელის საჭესთან თქვენი გამოჩენა ლამის სასწაულად მიიჩნია, რადგან თქვენი, როგორც მოთამაშის, საკმაოდ კარგი ბექგრაუნდი დაავიწყდათ. მოდი, ამაზე ვისაუბროთ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მით უმეტეს, რომ მწვრთნელების უმეტესობა სწორედ ფეხბურთის მინდორზე დაიბადა. მე ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში დავიწყე. აქ ვიზრდებოდი წარსულში ცნობილი დინამოელის – ვლადიმერ ელოშვილის ფრთის ქვეშ. სხვათაშორის, პირველმა სწორედ მან შენიშნა ჩემში მწვრთნელის მონაცემები და ასისტენტად მიმიწვია. მაგრამ ამით მაშინ ჩემში მოთამაშე არ დამთავრებულა.

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავიამშენებლობის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ალიოშა კოტრიკაძესთან „შევარდენში“ თამაში მოვასწარი, შემდეგ – თბილისის „ლოკომოტივში“ (საბჭოთა კავშირის პირველობის II ლიგა). ვთამაშობდი ნახევარდაცვაში, მერე – „თავისუფალ“ დამცველად, თუმცა ძალიან მალე, 22 წლისამ ობიექტურად გავაცნობიერე, რომ ჩემი ფიზიკური კონდიციებით თანამედროვე ფეხბურთის ჩქაროსნულ რიტმს ვერ დავძლევდი. ძნელი იყო, მაგრამ თამაშისთვის თავის დანებება მომიხდა...

– უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ნიშნულიდან იწყება თქვენი ცხოვრების მეორე ეტაპი – უშუალოდ მწვრთნელობა?

– გეთანხმებით. ფიზკულტურის ინსტიტუტთან იმდროინდელი კავშირი ჩემთვის ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. იქ ფეხბურთის კათედრაზე მიმიწვიეს ლექციების წასაკითხად. კინაღამ დისერტაციაც დავიცავი! ნაშრომი თითქმის მზად მქონდა, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. ჩემი პრინციპი კი ასეთია – ყველგან და ყველაფერში პატიოსანი ვიყო!

სამაგიეროდ, იქვე, ინსტიტუტში, დიდი სიამოვნებით ვავარჯიშებდი 10-13 წლის ფეხბურთელებს, რომლებთანაც შერწყმული წვრთნის ჩემეულ მეთოდს ვხვეწდი. ის მდგომარეობს აღსაზრდელთა ფიზმომზადებაზე მუშაობის და მათ მიერ ტაქტიკური რიგის მოდიფიკაციათა ათვისების ერთდროულობაში. ბიჭებთან გულმოდგინედ და გატაცებით ვმუშაობდი, ალბათ, ამიტომაც შემამჩნიეს...

მოულოდნელად საუბარში გიას მამა რობერტ გეგუჩაძე ჩაგვერთო.

რობერტ გეგუჩაძე: ვფიქრობ, უსამართლობა იქნება, ფიზკულტურის ინსტიტუტში მომუშავე მწვრთნელი ასატურ გუკასიანი რომ არ ვახსენოთ. სწორედ მან დამირეკა  ერთხელ და დაჟინებით მთხოვდა: არ დაანებებინოთ თავი ფეხბურთისთვის, გემუდარებით, მას მწვრთნელობის ნამდვილი ნიჭი აქვს! როგორც ხედავთ, მისი თხოვნა შევასრულე...

– გასაგებია, თქვენ და გუკასიანი რომ არა...

– დიახ, სწორედ ამის შეხსენება მინდოდა!

– მერე კი „დინამო“ იყო?

გია გეგუჩაძე: – დიახ. დაახლოებით 90-იანი წლების შუაში გუნდი დავით ყიფიანმა ჩაიბარა და თანაშემწედ ამიყვანა. როდესაც ყიფიანი ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, იქაც მის გვერდით აღმოვჩნდი. იგივე განმეორდა ბესკამპის დროსაც, იმ განსხვავებით, რომ 2000 წელს ის დუბაიში მიიწვიეს და მეც თან წამიყვანა. კლუბ „ელ-ვესლში“ ეპოპეა 8 თვეს გრძელდებოდა. მართალია, ამას ჩემთვის სახელი არ მოუტანია, მაგრამ გამოცდილება შემმატა.

ჩემს მწვრთნელის კალენდარში განსაკუთრებული ადგილი 2002 წელს უკავია, როდესაც პირველად გავხდი რუსთავის „გორდას“ მთავარი მწვრთნელი. ეს შუა სეზონში მოხდა. ჩემი დებიუტის განსაკუთრებული სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირში „გორდა“, პირდაპირ ვთქვათ, უღიმღამოდ გამოიყურებოდა... იმ დროს ის სადღაც ცხრილის ბოლოს მოჩანჩალებდა და გავარდნის რეალურ კანდიდატთა შორის იყო. ყველაფერი, რაც მაშინ მოვასწარი – გუნდის ლიგაში დატოვება გახლდათ. ყალბი მოკრძალების გარეშე, ესეც შეიძლება წარმატებად მივიჩნიოთ. შესაძლოა, ამიტომაც შედგა „დინამოში“ ჩემი დაბრუნება. მაგრამ თუ გახსოვთ, „დინამო“ სამი იყო – ჩვენი ლიგების რაოდენობის შესაბამისად. მე მესამით დავიწყე, ხოლო შუშაკის წასვლის შემდეგ, 2004-ში, მთავარის მთავარი გავხდი – პირველ ლიგაში. იმედი მაქვს, გასაგებად ავხსენი. თითქოს ყველაფერი ამისრულდა, მეტი რაღა უნდა მენატრა? მაგრამ ასე არ აღმოჩნდა...

– მომიტევეთ, მაგრამ სანამ მოგვიყვებით, რატომ წახვედით, თუ შეიძლება, გვითხარით, რით მიხვედით „დინამოში“, როგორ აპირებდით მწვერვალების დაპყრობას?

– უპირველეს ყოვლისა, ვცადე, მეპასუხა კითხვაზე, რომელიც საკუთარ თავს დავუსვი: როგორი ფეხბურთი მოსწონს ხალხს ყველაზე მეტად, რისთვის მოდიან ადამიანები სტადიონზე? სწორია: სანახაობრივი, სწრაფი, აგრესიული! ის ფეხბურთი, რომელშიც მოთამაშეები გამუდმებით მოძრაობენ, სწრაფად გადადიან თავდაცვიდან თავდასხმაზე. სწორედ ამის მიღწევა გადავწყვიტე! ოღონდ არა ვოლონტიორთა ძალებით, არამედ საკუთარი, ეროვნული კადრებით!!! და ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული – საქართველო ფეხბურთის ტალანტების ქვეყანაა! საჭიროა მხოლოდ მათი აღმოჩენა და სწრაფად რეალიზებაში დახმარება.

სამწუხაროდ, „დინამოში“ ჩანაფიქრების ბოლომდე განხორციელება არ გამომივიდა. ყველაფერი ევროლიგაში წარუმატებლობიდან დაიწყო, სადაც ჯგუფში ოთხივე თამაშის წაგება „მოვახერხეთ“ – „სპორტინგთან“, „სოშოსთან“, „ნიუკასლთან“, „პანიონისთან“... როგორც ხედავთ, საკმაოდ ცნობილი მოწინააღმდეგეები გვყავდა და „საკუთარ თავს უნდა გადავხტომოდით“. დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით... თან ქვეყნის ჩემპიონატშიც დავთმეთ პირველი, „დაკვეთილი“ ადგილი. აი აქ კი წამოყვეს თავები ჩასაფრებულებმა – ესეც თქვენი ექსპერიმენტები, თავს გაუვიდა!.. მოკლედ, დამითხოვეს. ღმერთი იყოს მათი მსაჯული! აქვე დავძენ, რომ 2010-2011 წლების სეზონში ბევრი რამ გამომივიდა, მაგრამ უკვე „ზესტაფონში“.

– თქვენი ნებართვით, ერთხელაც გადავუხვიოთ. ჟურნალისტიკაში მუშაობის პერიოდში (ამას არ ვმალავ) ერთგვარი პროფესიული კრედო ჩამოვიყალიბე – ვწერო შეძლებისდაგვარად საინტერესოდ და ყოველთვის – სიმართლე. თქვენ თუ გაქვთ საკუთარი კრედო, როგორც მწვრთნელს?

– რა გაეწყობა, ამაზეც გიპასუხებთ. ვაღიარებ, რომ როგორც მწვრთნელი, კონსტანტინე ბესკოვის მიმდევარი გახლავართ. როგორც ის,  მწვრთნელის მუშაობაში მეც სამ ძირითად მომენტს გამოვყოფ. ეს არის შედეგი, ხარისხი და პროგრესი ჩემი ფეხბურთელების თამაშში. სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ „ზესტაფონთან“ ერთად სამივე პუნქტში წარმატებას მივაღწიე.

თავად განსაჯეთ. შედეგი – საქართველოს ჩემპიონობა ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე; ხარისხი – სანახაობრივი თამაში და გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები; ფეხბურთელთა თამაშში პროგრესიც სახეზეა – როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდაშელი, ზაალ ელიავა, გიორგი ონიანი, შოთა გრიგალაშვილი, ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი და თორნიკე აფციაური სეზონის შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრებში გაიწვიეს.

– დაბოლოს, ძვირფასო გია, რას იტყვით შვილისთვის მიცემულ დაპირებაზე, რომ ახლა სხვა გუნდი გახადოთ ჩემპიონი? თუ შეიძლება გავიგოთ, რომელ გუნდზეა ლაპარაკი? და კიდევ, რა სასიამოვნოც უნდა იყოს, კიდევ დიდხანს აპირებთ თქვენს შესანიშნავ ოჯახურ წრეში „დასვენებას“?

– დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი იძულებითი „დასვენება“ დიდხანს არ გაგრძელდება. არ დაგიმალავთ, უკვე რამდენიმე ფრიად საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზება მივიღე. რომელ მათგანზე შევაჩერებ არჩევანს – ჯერ არ გადამიწყვეტია. თუმცა გპირდებით, რომ ჩემს გადაწყვეტილებას საქინფორმი ერთ-ერთი პირველთაგანი შეიტყობს!

– საქინფორმის ყველა მკითხველისა და ჟურნალისტთა კოლექტივის სახელით, აგრეთვე ნამდვილი ქართული ფეხბურთის მოყვარულთა სახელით, რომელიც ყველას ასე მოგვენატრა, გისურვებთ, რომ გია გეგუჩაძის დიდმა ნიჭმა რაც შეიძლება მალე კიდევ ერთხელ გამოიჩინოს თავი! და რომ ამას ხელი არ შეუშალოს მიზეზებმა, რომლებსაც სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს...

P.S. ინტერვიუს შემდეგ მე და გია ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს ვიხსენებდით, რომლებიც, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან, საოჯახო ალბომში ძველ ფოტოებს ვათვალიერებდით... ერთ-ერთ მათგანზე უკანა მხარეს მის მეუღლეს მიუწერია: „დინამოში“ მუშაობის პერიოდში ფეხბურთის გარდა მას არავინ და არაფერი ახსოვდა“... დიახ, გია გეგუჩაძე ასეთია.

(იმ დროს, როდესაც ეს ინტერვიუ გამოსაქვეყნებლად მზადდებოდა, საქინფორმს დაუკავშირდა ბატონი გია გეგუჩაძე და შეგვატყობინა, რომ გუშინ, 2011 წლის 22 სექტემბერს, ის ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა).

 

 

გივი ბაქრაძე

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“