პუბლიკაციები
„ინგლისურის მასწავლებლების მსგავსად, ცურვის მასწავლებლებიც ჩამოვიყვანოთ?!“

14vova

„ადამიანს, რომელსაც ამქვეყნად არაერთი ათეული წელიწადი უცხოვრია, ადრე თუ გვიან, გაუჩნდება სურვილი, გადახედოს განვლილ გზას... მეხსიერება ყოველთვის წარმოაჩენს გამორჩეულ სახელებს, ვისთანაც აკავშირებდა მეგობრობა, გარკვეული მოვლენები ან საერთო საქმენი. ჩემთვის ასეთი ადამიანი ვოვა გოიაშვილია, ჩემი მეგობარი, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია, ვიცნობ“.

ეს არის ციტატა ნიკოლოზ შაშკინის – ცნობილი იურისტის, ყოფილი წყალბურთელის წერილიდან, რომელიც შეტანილია ვლადიმერ გოიაშვილის წიგნში „კუპალნიიდან“ „ლაგუნა ვერემდე“. ჯერ კიდევ საღებავშეუშრობელი წიგნი ეს-ესაა გამოვიდა შპს „ფავორიტ პრინტის“ სტამბიდან.

ვლადიმერ გოიაშვილი თბილისის საცურაო სპორტულ კომპლექს „ლაგუნა ვერეს“ოცდაათ წელიწადზე მეტია, უდგას სათავეში და, ცხადია, ბევრიც აქვს სათქმელი საქართველოში საწყლოსნო სპორტის ისტორიაზე თუ დღევანდელ პრობლემებზე.

„ყველა სტადია გავიარე, ყველაფერი გამოვცადე და, მგონი, ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე საწყლოსნო სპორტის განვითარებასა და წინსვლაში, ყოველ შემთხვევაში, ჩაძირვისგან გადავარჩინე“, – განაცხადა საქინფორმთან საუბარში ბატონმა ვლადიმერ გოიაშვილმა.

მაგრამ თვითკმაყოფილებას არ მისცემია და დღესაც თავგამოდებით ცდილობს სპორტის ამ სახეობებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას.

„მთავარი მაინც ცურვაა, – ამბობს იგი, – რომელიც მძლეოსნობასა და ტანვარჯიშთან ერთად ოლიმპიური თამაშების ფუნდამენტური სახეობაა“.

– საქართველოში 20 ათასზე მეტი მდინარე, ტბა, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წყალზე დგას. ბუნება გვიკარნახებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცურვას ყველა უნდა დაეუფლოს. ეს არა მარტო სპორტის პრობლემაა, არამედ მოქალაქეთა, უწინარეს ყოვლისა, ახალგაზრდობის ყოფითი აუცილებლობაა. ახალს არაფერს ვამბობ, როცა დაჟინებით ვიმეორებ, რომ ცურვის ცოდნა ადამიანს დაეხმარება ურთულეს მომენტებში, რაც წყლის სტიქიამ შეიძლება შექმნას, თვითონაც გადარჩება და სხვასაც გადაარჩენს. ჩემს წიგნში, რომელიც ახლახან გამოიცა, ვიხსენებ, რომ 12 წლის განმავლობაში „ლაგუნა ვერეზე“ მეტ-ნაკლები სისტემატურობით ოჯახთან ერთად დადიოდა საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი. ესე იგი, მას კარგად ესმის, რომ ცურვა ნორმალური ცხოვრების აუცილებელი შემადგენელია. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რომ მისი მმართველობის პერიოდში ცურვის პოპულარიზაციას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა.

ორი-სამი აუზის საჩვენებელი გახსნა საერთო სურათს არ ცვლის.

არის კი საქართველოში მწვრთნელების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ცურვის მასობრივად შესწავლას?

– ვინ ასწავლის ცურვას, ეს ცალკე პრობლემაა.

დაახლოებით 3 წლის წინათ შემოდის ჩემთან ახალგაზრდა კაცი, კოსტუმში ლამაზად გამოწყობილი, ჰალსტუხით, ერთი სიტყვით, კარგ ადგილზე მომუშავე მენეჯერი. მეუბნება – ამა და ამ სასტუმროდან ვარო და მიხსნის, რომ სასტუმროში აქვთ პატარა აუზი და მთხოვს, მივცე რჩევა მისი ექსპლუატაციის უკეთ გასაწევად.

ვეკითხები:

– ცურვა იცი?

– ცოტა ვიცი.

– თქვენი აუზი მარტო სტუმრებისთვის იქნება განკუთვნილი, თუ ქუჩიდანაც შეიძლება შემოვიდეს კაცი?

– ეს ჯერ არ გადაუწყვეტია ხელმძღვანელობას, მაგრამ უკვე ჩავატარეთ კონკურსი და სამი ლამაზი გოგო, რომლებმაც იციან ინგლისური, შევარჩიეთ და დავასაქმებთ ამ აუზზე.

– ბოდიში, იმ გოგოებმა იციან ცურვა?

– არ ვიცი.

ესე იგი, თურმე ინგლისურის ცოდნა საკმარისი ყოფილა აუზზე მუშაობისთვის. ცურვა იცი თუ არა, არავის აინტერესებს.

– შვილო, – ვეუბნები, – წადი აქედან. წკიპზე ხარ უბედურებასთან! რის ლამაზი გოგოები, რის ინგლისურის ცოდნა! იციან, როგორ უნდა მიხედონ ადამიანს, წყალში თუ ცუდად გახდა, რით უშველონ? ფაქტებით არის დადასტურებული, ადამიანი მუხლამდე წყალშიც რომ დამხრჩვალა.

გაიცინა.

ძალიან ამეშალა ნერვები, მაგრამ თავი შევიკავე და წყნარად გავუშვი.

ინგლისურის მასწავლებლების მსგავსად, ცურვის მასწავლებლებიც ჩამოვიყვანოთ?! სპორტის აკადემია აღარ არსებობს. ტექნიკუმი იყო, სადაც საშუალო დონის სპეციალისტებს ამზადებდნენ, ისიც აღარ არის. მწვრთნელების სკოლა გვქონდა, სადაც მწვრთნელ-პედაგოგებს ამზადებდნენ კონკრეტული მიმართულებით. ისიც მოშალეს.

იყო დრო, როცა მშობლები დილის 6 საათზე მოდიოდნენ, რათა 9 საათზე, სალაროების გახსნისთვის, რიგში პირველი ყოფილიყვნენ და შვილებისთვის ეყიდათ აბონემენტები.

პაატა ბურჭულაძე, ჩვენი სახელოვანი მომღერალი, მამამ მოიყვანა. მისი მწვრთნელი იყო ჯონდო მაჭარაშვილი. ჩვენი ბრწყინვალე მუსიკოსი, პიანისტი ლექსო თორაძე დედამ მოიყვანა, ქალბატონმა ლიანა ასათიანმა.

ბურთივით მრგვალი ბავშვები იყვნენ და, ხომ ხედავთ, მსოფლიო მნიშვნელობის რა დიდ ადამიანებად, უბადლო ხელოვანებად ჩამოყალიბდნენ.

აი, ესაა „ლაგუნა ვერე“!

ახლა არ მოჰყავთ ბავშვები?

– მოჰყავთ, როგორ არა, მაგრამ აშკარაა, რომ ეკონომიკური პრობლემები მასობრიობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

საქართველო, ბატონო ვლადიმერ, ყოველთვის აღიარებული იყო წყალბურთის ქვეყნად...

– იყო. ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, დავკარგეთ. წყალბურთი „ლაგუნამდე“ საკმაოდ სახელმოხვეჭილი იყო. სხვა თუ არაფერი, საბჭოთა კავშირის ხალხთა ოთხ სპარტაკიადაზე ჩვენი ნაკრები მესამე საპრიზო ადგილს არ ჩამოსცილებია. ამაში განსაკუთრებული წვლილი სახელოვან მწვრთნელ როსტომ ჩაჩავას მიუძღოდა. არ უნდა დავივიწყოთ მოსკოველი მწვრთნელის – აბრამ გილდის, დიდი ღვაწლიც.

ბავშვებთან მუშაობდა შესანიშნავი მწვრთნელი ვლადიმერ ბარნაბიშვილი.

დღეს რა ხდება? ჩამოჰყავთ წყალბურთის ოსტატები უცხო ქვეყნებიდან, უხდიან დიდ თანხას, რათა დაიცვან ქართული სპორტის ღირსება. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია!

წყალბურთელთა ყველა თაობა პატრიოტიზმით იყო გამსჭვალული, თავი ჰქონდათ გადადებული. წყალბურთი ჭეშმარიტად ქართული იყო და წარმატებებიც საქართველოსთვის მოჰქონდა. ახლა ვიღაც გადამთიელმა უნდა იბრძოლოს საქართველოს სახელისთვის?! ვერავინ დამარწმუნებს, რომ ლეგიონერები ისეთივე  შემართებით გამოვლენ საასპარეზოდ, როგორც ჩვენი გუნდები გამოდიოდნენ.

ფულით ნაყიდი წარმატება ისეთივე ფუჭი და უგემურია, როგორც ჭიანი ვაშლი, რომელიც ლპება და სხვა ჯანსაღ ნაყოფსაც გადასდებს თავის სიდამპლეს.

არადა, საქართველოში იყო და არის მიდრეკილება წყალბურთისადმი. იმ კატაკლიზმებმა, რომლებმაც ბოლო პერიოდში სერიოზული გავლენა იქონია ადამიანების შეხედულებებსა და ღირებულებებზე, ეს მიდრეკილება ვერ დააკნინა. პირიქით. რამდენი შემთხვევა მქონია, როცა ჩემთან მოსულან მშობლები და განუცხადებიათ: შემჭამა ჩემმა ბიჭმა (შვილმა, შვილიშვილმა), წყალბურთზე მატარეო! ვეუბნები, რომ ბავშვმა ჯერ უნდა ისწავლოს კარგი ცურვა. საქმეში ხარ? წყალბურთი უნდა, მორჩა და გათავდა!

საქართველოს წყალბურთის ისტორიაში იყო ერთი წელიწადი, როცა საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში საქართველოს ორიგუნდი თამაშობდა – „დინამოდა ქარიშხალა“. ამ საქმეში მნიშვნელოვანი იყო ვლადიმერ გოიაშვილის წვლილი. სამწუხაროდ, ისწელიწადი გამონაკლისად დარჩა. რატომ ვერ შევძელით ამის შენარჩუნება? ამ შეკითხვას ვლადიმერ გოიაშვილი ასე უპასუხებს:

– პირობების შექმნა და კადრები – მწვრთნელებისა და სპორტსმენების დაოსტატება. ეს არის, ჩემის აზრით, ის უმთავრესი ორი კომპონენტი, რაც წყალბურთში წარმატების მიღწევისთვისაა აუცილებელი. ვგულისხმობ, უწინარეს ყოვლისა, ეროვნულ კადრებს, ხოლო საწვრთნელი პირობები პროფესიონალებთან კონსულტაციით უნდა შეიქმნას და არავითარ შემთხვევაში – დილეტანტების კარნახითა და მითითებით.

საქართველო წყალბურთში მოდის დამდები იყო მთელ კავშირში. ვლადიმერ გოიაშვილი ასეთ ამბავს ჰყვება:

– თბილისელი კაცი მოსკოვში მოსკოვისა და თბილისის „დინამოს“ შეხვედრას ესწრება. მაინცდამაინც ვერ არის წყალბურთში გარკვეული. იწყება თამაში, გააქვთ ბურთი. ადგილობრივი დიქტორი აცხადებს: ბურთი გაიტანა მშვენიერაძემ! ეს კაცი გახარებულია. კვლავ გამოცხადება: ბურთი გაიტანა გვახარიამ! ეს კაცი მეცხრე ცაზეა. შემდეგ: ბურთი გაიტანა ჩაჩავამ! საზღვარი არ აქვს ამ მაყურებლის ბედნიერებას – ქართველებს ზედიზედ გააქვთ ბურთები!

და არ იცოდა ამ უბირმა, რომ ეს ქართველები მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ!

დღეს ჩვენი პირველი გუნდისთვის ვერ შეგვირჩევია ოსტატები.

წლები დაიკარგა.

ათენის ოლიმპიადის წინ ოთხი წლით საწყლოსნო სპორტის ოთხი სახეობა – ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა, სინქრონული ცურვა (არაფერს ვამბობ ქალთა წყალბურთზე, რომელიც ჩაკვდა), სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა 74 ათასი ლარით, მაშინ, როცა ჩვენს წყალბურთელებს – ჭაბუკთა ნაკრებს, რომლებსაც წვრთნის ბრწყინვალე წყალბურთელი რეზო ჩომახიძე, მაიამიში წყალბურთელთა ტურნირში მხოლოდ ერთ ღონისძიებაში მონაწილეობა 60 ათასი დოლარი დაუჯდა.

სამაგიეროდ, წყლის თხილამურები, რაც ოლიმპიური სახეობა არ არის, იმავე ოლიმპიურ ციკლში ორჯერ უფრო მეტი თანხით – 150 ათასი ლარით დაფინანსდა. აშკარაა, რომ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღაც დიდჩინოსნის სასიამოვნოდ – წყალზე სასრიალოდ გამოიყო.

არადა, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ორჯერ გაიმარჯვა რუსეთის პირველობაზე, ჯერ კონკურსგარეშე ვმონაწილეობდით, შემდეგ – როგორც სრულუფლებიანი წევრები.

ამ შეჯიბრებებზე ჩვენი გუნდი ნამათხოვრალი, ნასესხები ფულით დადიოდა... აი, ასეთი პარადოქსია.

პროფესიონალები ვახსენე ზემოთ. ვინმემ მიმართა მათ საკონსულტაციოდ, ახალ აუზებს რომ აშენებდნენ მაშინ? არა. არა და ააშენეს ღრმა აუზები ქუთაისში, საჩხერეში, სხვაგანაც, ბავშვთა საჭყუმპალაოების გარეშე. სად უნდა ისწავლონ პატარებმა ცურვა? სად უნდა აღიზარდოს მომავალ სპორტსმენთა თაობა, საიდანაც საუკეთესოთა შორის საუკეთესონი დააკომპლექტებენ ქვეყნის უპირველეს გუნდს?

კეთდება ამ საქმის მოსაგვარებლად რამე?

– რა გიპასუხოთ, როცა პროფესიონალებს ახლოს არ გვიკარებენ?!

პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დაუყენებიათ საკითხი – ბავშვებმა ცურვა უნდა შეისწავლონო. თურმე უნდა შეისწავლონ! დავუკავშირდი „ლელოს“ მთავარ რედაქტორ თენგიზ გაჩეჩილაძეს – გამიგე-მეთქი, ვთხოვე, „ჩარეცხილებში“ შევდივარ თუ არა? ნუთუ ჩემი გამოცდილება არაფრად ღირს, საკონსულტაციოდ რომ არ მიწვევენ? იქნებ, რაღაც ჭკვიანური ვუთხრა...

ერთხელ სამხედრო აკადემიის კურსანტები მოვიდნენ ჩემთან. აპრილია.

– ძია ვოვა, – მეუბნებიან, – ჩვენ გვითხრეს, რომ თბილისელი კაცი ხართ და გაგვიგებთ. სამ თვეში აკადემია უნდა დავამთავროთ, სამხედრო ნაწილებში გაგვანაწილებენ. ერთმა პრობლემამ შეგვაწუხა: ბევრმა მომავალმა ოფიცერმა ცურვა არ იცის. დაგვეხმარეთ.

კურსანტებმა გამოიჩინეს ინიციატივა.

დახმარება, რა თქმა უნდა, აღვუთქვი. რამდენიმე დღეში ოფიციალური წერილით მოვიდნენ.

მოიყვანეს კურსანტები, შევამოწმეთ, და აღმოჩნდა, რომ მათმა ნახევარმა ცურვა მართლაც არ იცოდა.

შევკრიბე ჩემი მწვრთნელები, ვთხოვე, ვინაიდან დრო შეზღუდული იყო, დაევიწყებინათ კლასიკური მეთოდიკა და ესწავლებინათ ამ ბიჭებისთვის 25 მეტრის გაცურვა მაინც – გინდა ბაყაყურით, გინდა ქუთაისური, გინდა მტკვრის ყაიდით, ვისაც რა გამოუვიდოდა, ისე.

შევქმენით კურსანტების ორი ჯგუფი, ვასწავლეთ მათ, ვინც არ იცოდა და, ბოლოს და ბოლოს, გავაცურვინეთ ის დათქმული 25 მეტრი.

დავანებოთ სპორტს თავი. ცურვა ხომ ჯანმრთელი თაობის აღზრდის უპირველესი საშუალებაა, თუნდაც, სკოლიოზის (რომლითაც ბავშვების, სულ მცირე, 60 პროცენტია დაავადებული) სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის... ამ დაავადების თავიდან აცილების უებარი წამალია.

P.S.

წიგნში, რომელიც ამ ინტერვიუს ჩამორთმევის საბაბი გახდა, ვლადიმერ გოიაშვილი განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენიებს ცნობილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კრიტიკულ მომენტში, როცა შემთხვევით ადამიანებს შეეძლოთლაგუნა ვერესხელში ჩაგდება, შეისყიდა სპორტკომპლექსი და კვლავ თბილისელთა სამსახურში ჩააყენა.

 

ესაუბრა ლევან სულაშვილი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"