საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საწვავზე ფასნამატები მინიმალურ დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია და ეს შეიძლება მტკივნეული იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, ფასები სრულად ასახავს კორელაციას საერთაშორისო ბაზრებთან.
„ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით კომპანიების ფასნამატებს, თვალს ვადევნებთ მათ კორელაციას იმპორტის თვითღირებულებასთან. ამ ეტაპზე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ფასნამატები მინიმალურ დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია და ეს შეიძლება მტკივნეული იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ამ სფეროში ფასები სრულად ასახავს კორელაციას საერთაშორისო ბაზრებთან და შეესაბამება მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს არაპროგნოზირებადი ვითარება მალე უფრო ნათელი გახდება, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს მეტად განიხილონ ალტერნატიული ვარიანტები მიწოდების ჯაჭვების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლექვინაძემ.