საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. თუ ikalata.gov.ge-ზე არსებულ ვითარებას შევხედავთ, ივლისიდან დღემდე 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ფასების კლება დაახლოებით 14–15%-ს შეადგენს, ხოლო არასასურსათო პროდუქტებზე - დაახლოებით 28%-ს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
ამასთან, ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ოქტომბერში 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის კალათაში დაახლოებით 1,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„პორტალი უკვე დაახლოებით ოთხი თვეა ფუნქციონირებს. ის მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა და FMCG სექტორში კონკურენციის გაძლიერებას ემსახურება. ikalata.gov.ge-ზე წარმოდგენილია 16 სავაჭრო ქსელი, დაახლოებით 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი და 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტი. თუ შევხედავთ ვითარებას პორტალ ikalata.gov.ge-ზე, სადაც კომპანიები ცდილობენ აღნიშნულ პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებები განათავსონ, ივლისიდან დღემდე 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ფასების კლება დაახლოებით 14–15%-ს შეადგენს, ხოლო არასასურსათო პროდუქტებზე - დაახლოებით 28%-ს. თუმცა, თუ ოქტომბერს განვიხილავთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის კალათაში დაახლოებით 1,8%-იანი ზრდა დავინახეთ.
აქ მთავარი შემდეგია: პორტალი საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში დავაკვირდეთ სექტორის განვითარებას, მას აქვს ფასების მონიტორინგის ფუნქცია და ვხედავთ დინამიკას, თუ როგორ იცვლება ფასების თანაფარდობა. ერთი ფაქტი ცხადია: სავაჭრო ქსელებს შორის კონკურენცია შეინიშნება, კალათის მიხედვით ლიდერები მუდმივად იცვლებიან, ცალკეული პროდუქტების მიხედვით ლიდერებიც მუდმივად იცვლებიან და ეს ნიშნავს, რომ მათ შორის კონკურენცია ძლიერდება. ამდენად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ სექტორზე დაკვირვებას და, თუ რიგი რეკომენდაციების საჭიროებას დავინახავთ, რა თქმა უნდა, მზად ვართ პარლამენტთან და მთავრობის სხვადასხვა უწყებასთან ერთად მათ სრულყოფაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა ლექვინაძემ.