საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნული ბიურო დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
უწყებაში ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დავა, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო მათ შორის მორიგების მიზნით აქტიურ მედიაციას აწარმოებდა.
„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეებს მედიაციას უწევდა, რათა მათ შორის შემდგარიყო მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ გასათავისუფლებლად“, — განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ცნობისთვის: მკვლელობა თბილისში, დიდუბის რაიონში 11 ნოემბერს მოხდა. ცოლ-ქმარს საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები.