საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური მოთამაშის როლს

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. „ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო ხშირად ავლენს მოუმწიფებლობისა და არათანმიმდევრულობის ნიშნებს“, — წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის სახელით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებაზე, რადგან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავად ევროპას შეუძლია.

„აშშ-ზე აქცენტირებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკებების მხარე არის უკრაინა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება ასევე არის უკრაინის უსაფრთხოება.

რა გამოდის? უკრაინას, რომელსაც ქალბატონი კალასი ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს უწოდებს, ანდობენ სისხლით დაიცვას ევროკავშირის ტერიტორია, მაგრამ ამავე დროს არ აძლევენ უფლებას დაიცვას ევროკავშირის ინტერესები მოლაპარაკებებზე?

და თუ უკრაინა მიაღწევს მშვიდობას მისთვის მისაღები პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება გახდეს ევროკავშირის სანქციების საკითხი, მაშინ ევროკავშირი ჩაშლის ამ შეთანხმებას?

ევროკავშირის ამგვარი რიტორიკის ფონზე ყველაფერი ერთ კითხვამდე დაიყვანება: აქვს თუ არა უკრაინას უფლება დაასრულოს ომი საკუთარი პირობებით?

აშკარაა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო ხშირად ავლენს მოუმწიფებლობისა და არათანმიმდევრულობის ნიშნებს. შედეგად, ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს. სწორედ ამ ცივილიზაციურ უფსკრულში მიექანება იგი, რის შესახებაც მას უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ“, — წერს პაპუაშვილი.