პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონესა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.