აქტუალური
ალენ ბერსე: ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოსთან

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. „მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, როგორც იცით, და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთან. ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა კიდეც კონტაქტები. მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და გულწრფელი განხილვების წარმოება, თუმცა, როგორც გესმით, ეს ყოველთვის არ ხდება საჯაროდ“, — განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს წევრობა ნიშნავს გარკვეული ფასეულობების დაცვის ვალდებულებას.

„მე ყურადღებით ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ ამჟამად მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი საკითხების განხილვა. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესს და, როგორც ყოველთვის, ყველას ვახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა ასევე ნიშნავს გარკვეული ფასეულობების დაცვის ვალდებულებას.

ევროპის საბჭოს 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და აღიაროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია.

ჩვენ გვაქვს ჩარჩოები, რომელთა ფარგლებშიც შეგვიძლია განვავითაროთ ურთიერთობები და თანამშრომლობა. მე მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ მუდმივად უნდა დავადასტუროთ ამ პრინციპებისადმი ერთგულება, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთობლივი განხილვები. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ დიალოგსა და თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, საქართველოსთანაც“, — აღნიშნა ალენ ბერსემ.