რელიგია
ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ქრისტიანული მორალის მიღმაა

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. „მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ მის მიმართ გარკვეული გამონათქვამები, რომლებიც სცდება ქრისტიანული მორალისა და ლექსიკის ჩარჩოებს. მეტიც, მსგავსი ლექსიკით იერარქის მოხსენიება მთლიანობაში ეკლესიის მიმართ უპატივცემულობაზე მეტყველებს“, — ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, „ადამიანისადმი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა ზოგადად მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“.

„აზრის გამოხატვა, კრიტიკაც კი, შეიძლება იყოს კორექტული და არგუმენტირებული, შეურაცხყოფის გარეშე“, — განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ „სრულად ამოწურა თავისი შესაძლებლობები“. თავის ქადაგებაში სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ „განგაშის ზარია შემოსაკრავი“, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული მთავრობების შეცვლა, საქართველოშიც მომავალში უკეთესი უნდა აირჩეს, რადგან დღეს ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. ამ პოზიციის გამო მეუფე იობი ცალკეული პირების მხრიდან თავდასხმისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.