საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. „სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ თვალსაზრისით ევროპასთან, ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის და, ბუნებრივია, ამ თემაზე გვექნება საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირლანდიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობს.
კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს როლი საკვანძოა.
„საქართველოს როლი ამ თვალსაზრისით არის საკვანძო, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, ჩაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებული აღმოჩნდა დანარჩენი ევროპული სივრცისგან და მას შემდეგ, რაც დაიწყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ თვალსაზრისით ევროპასთან, ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის და, ბუნებრივია, ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, — აღნიშნა პრემიერმა.