საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა იყო დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახურულ ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, დანიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, ჩერნოგორიის, ლიეტუვისა და რუმინეთის პრეზიდენტები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.