აქტუალური
თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია ჩამოვიდა. ის აქ 17 ოქტომბრამდე დარჩება. მისი მიზანია ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი) შეფასება, კერძოდ, სსფ-ის მონაცემთა ხარისხის სტანდარტების დაცვის მდგომარეობის შესწავლა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები გაეცნობიან საქართველოში ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის, ფისკალური და მონეტარული სტატისტიკისა და საგადასახდელო ბალანსის წარმოების პრაქტიკასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის ხარისხს.მისიის შედეგების მიხედვით მომზადდება მოხსენება, რომელიც განთავსდება სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოხსენებაში შეფასდბა საქართველოს სტატისტიკური სისტემის მდგომარეობა და მომზადდება სპეციალური რეკომენდაციები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ქართულ მხარეს შორის პირველი შეხვედრა 4 ოქტომბერს ეროვნული ბანკში შედგა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ერთობლივად შეხვდება.