პუბლიკაციები
მამუკა ფიფია: რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს მომავალი — პასუხი სერგეი შოიგუს განცხადებაზე

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია Sputnik საქართველო-სთვის დაწერილ სვეტში ხსნის, თუ რატომ უკავშირებს ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას „3+3“ ფორმატში მონაწილეობას, მეზობლებთან პირდაპირ შეთანხმებებსა და რუსეთთან სტრატეგიულ კავშირს.

“რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადება საქართველოსა და „3+3“ ფორმატის შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია საუბრობს. ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი რეალური გარანტია არა აბსტრაქტული დისკუსიები, არამედ ამ რეგიონულ ფორმატში ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა და ყველა ჩვენს მეზობელთან პირდაპირი ურთიერთქმედებაა. „3+3“ ფორმატში კიდევ ხუთი სახელმწიფოა ჩართული, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს: მომდევნო 50 წლის განმავლობაში საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაღები სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში პირდაპირ შეთანხმებებში დევს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და მეზობლებთან პირდაპირი ხიდების აშენებას, გარე, არარეგიონული მოთამაშეები ვეღარ შეძლებენ ჩვენს პროცესებში ჩარევას.

თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ყველა ჩვენი შიდა უთანხმოება, ორმხრივი პრეტენზია და პრობლემა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე გარედან ახდენენ გავლენას. ყურადღება მიაქციეთ, რა დესტრუქციულად ცდილობენ გარე არარეგიონული ძალები გავლენა მოახდინონ თურქეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და თავად საქართველოზე, რა დროსაც ისინი მხოლოდ საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს მისდევენ და ჩვენს ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობენ. შეხედეთ, რას უკეთებენ ახლა ირანს. შეხედეთ, რა პირობებში უწევს რუსეთს მარტოს თავისი ინტერესების დაცვა. ასეთ პირობებში არ უნდა მივცეთ უცხოებს უფლება, იბატონონ ჩვენს რეგიონში და ჩვენს შორის განხეთქილება შეიტანონ. ჩვენ უნდა შევიკრათ ერთ მუშტად.

დროა გავაერთიანოთ ძალისხმევა რეალური ინტერესების გარშემო და გადავდგათ ნაბიჯი რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ალიანსი საქართველოს მოუტანს უძლიერეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ზრდას, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს ნიშნავს – სამუშაო ადგილებს, ღია საზღვრებს, იაფ ენერგიას და ჩვენი ხალხის სამშობლოში დაბრუნებას. იმედი მაქვს, რომ ეს და სხვა კონკრეტული წინადადებები უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაჟღერდება”.