საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ქვეყანას უკეთესი ხელისუფლება სჭირდება. სასულიერო პირმა, რომელიც ქადაგებისას ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობასაც შეეხო, ხელისუფლება ეკლესიის კონტროლის მცდელობაში, კორუფციის ხელშეწყობასა და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
ქადაგება, რომელიც 10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძარში გაიმართა, ეპარქიის სოციალურ ქსელში გავრცელდა. მეუფე იობის გამოსვლა განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა იმით, რომ მან კრიტიკა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ეკლესიის მაღალ იერარქიასაც დაუკავშირა.
მიტროპოლიტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ურწმუნო და არაეკლესიურია, ხოლო ეკლესიისა და სახელმწიფოს დაახლოება სასულიერო პირების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, სახელმწიფო ეკლესიას აფინანსებს, რის გამოც სასულიერო პირებისთვის სულ უფრო რთული ხდება ხელისუფლების შეცდომებზე ღიად საუბარი.
მან ეკლესიის შიგნით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი თანამდებობის პირებს დაემსგავსა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც სასულიერო პირები მრევლს სიღარიბის ატანას, გაჭირვებულთა დახმარებასა და თავმდაბლობას მოუწოდებენ, თავად საპირისპიროდ იქცევიან.
მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხიც წამოჭრა: „თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება“, – თქვა მან.
მეუფე იობმა გაიხსენა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქაც და განაცხადა, რომ საქართველოს წარმატების პერიოდებში საერო ხელისუფლება ეკლესიასთან შეთანხმებულად მოქმედებდა. დღევანდელი ხელისუფლება კი, მისი შეფასებით, ამ ისტორიულ გამოცდილებას დაშორდა.
ქადაგების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსებსაც დაეთმო. მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების პირადი საუბრებისა და ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. იობი კითხულობს, რატომ არ გამოვლენილან დღემდე ის პირები, რომლებმაც კრებსები გაავრცელეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მათი დადგენის პირობას იძლეოდა.
მიტროპოლიტმა ხელისუფლება ნარკომანიისა და ლუდომანიის გავრცელების, კაზინოების ხელშეწყობის, კორუფციისა და დემოგრაფიული პრობლემების გამოც გააკრიტიკა. „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტის ქადაგებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მეუფე იობის პოლიტიკური შეფასებები რეალობას აცდენილია და მცდარია, და გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი პოლიტიკური განცხადებებისთვის ამბიონს იყენებს. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ მიტროპოლიტის ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა და განაცხადა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა (ფიქრია ჩიხრაძე, ლევან ბეჟაშვილი) კი განაცხადეს, რომ მეუფე იობის შეფასებები იმ რეალობას ასახავს, რომელსაც საზოგადოება და ეკლესია ხედავს.
წყარო: JAMnews