რელიგია
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ნათლობა მოსკოვში და საზოგადოების რეაქცია

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად ნათლობა მოსკოვში, სრეტენის მონასტერში მიიღო. გადაწყვეტილებამ აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილის შეფასებით, ეს კრემლის მხრიდან აფხაზეთზე კონტროლის გაძლიერების კიდევ ერთი გამოვლინებაა, სხვები კი მიზეზად სოხუმში არსებულ საეკლესიო განხეთქილებასა და მართლმადიდებლური ინსტიტუტების არარსებობას ასახელებენ.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ გუნბა და მისი ოჯახის წევრები მოსკოვის დონსკოის მონასტერში მოინათლებოდნენ, თუმცა იქ შესაბამისი სანათლავი სივრცის არარსებობის გამო ცერემონია სრეტენის მონასტერში გადაიტანეს.

ნათლობის საიდუმლო გუნბას ოჯახს მიტროპოლიტმა თეოგნოსტმა ჩაუტარა. ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელია მონასტრებისა და მონაზვნობის საკითხებში. სასულიერო პირი კარიერის დასაწყისში აფხაზეთში მსახურობდა და წლების განმავლობაში მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ჩარიცხულ აფხაზ სტუდენტებსაც ეხმარებოდა.

ბადრა გუნბა ნათლობისას ბოგდანის სახელით მოინათლა. ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და კრემლის კურატორი აფხაზეთის მიმართულებით, სერგეი კირიენკო.

სოციალურ ქსელებში გადაწყვეტილება აფხაზეთში არსებულ ხანგრძლივ საეკლესიო დაპირისპირებასაც დაუკავშირეს. აფხაზეთში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საეკლესიო ცენტრი არსებობს: მამა ვისარიონ აპლიას ხელმძღვანელობით მოქმედი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია და არქიმანდრიტ დოროთეს მეთაურობით მოქმედი აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის საეკლესიო სტრუქტურებს ავტოკეფალურ ეკლესიად არ აღიარებს და მათ არც საერთაშორისო მართლმადიდებლურ სამყაროში აქვთ აღიარებული სტატუსი.

დოროთეს შეფასებით, სწორედ ამ ვითარებამ განაპირობა, რომ გუნბამ ნათლობა მოსკოვში მიიღო: „ეს სიგნალი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს საშუალებას აძლევს, დაინახოს და გაიგოს: სანამ აფხაზეთის საეკლესიო საკითხი არ გადაწყდება და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულფასოვანი ინსტიტუტი არ აღდგება, ქვეყნის პირველ პირებს, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ნათლობის საიდუმლოს აფხაზი მღვდელმთავრისგან მიღება არ შეუძლიათ“, – განაცხადა დოროთემ.

წყარო: JAMnews