აქტუალური
მანჯგალაძე: „სარკოზის ვიზიტი გარდამტეხი იქნება“

mancho_manjgთბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გარდამტეხი გახდება. როგორ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, სარკოზი არის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით იდგა.

„საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა არის დადასტურება სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს საფრანგეთისა და მთლიანად ევროპის მხრიდან აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ქართველ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დარწმუნდეს ამაში, როდესაც ჩვენს ხალხს საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები მიმართავენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რა შეეხება იმას, ისაუბრებენ თუ არა სააკაშვილი და სარკოზი შეხვედრისას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების თაობაზე, მანანა მანჯგალაძემ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, სარკოზის ვიზიტის მიზეზი სრულიად განსხვავებული თემატიკაა – ქართულ-ფრანგული ურთიერთობები და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი ინტერესები. თუმცა მანჯგალაძემ ისიც აღნიშნა, რომ, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებაში პრეზიდენტი სარკოზი აქტიურად იყო ჩართული, შეხვედრისას რუსეთის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის ქართველ კოლეგასთან ერთად თავისუფლების მოედანზე  სიტყვითაც გამოვა.