საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა გამოაცხადა და გამოყო 38 მილიონი ევრო ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს კვლავაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ეს ჩვენი მიდგომის - „ევროკავშირი შენთან“ - ნაწილია და წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა.
კითხვაზე, ვინ მიიღებს ყველაზე მეტ სარგებელს ამ მხარდაჭერისგან, ნიკოლას სენდროვიჩმა უპასუხა: „ამ პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფერმერების, სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ბიზნესებსა და ფერმერულ მეურნეობებს, რომლებსაც ქალები მართავენ. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბებსა და პატარა ქალაქებში, ხელს შევუწყობთ პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და აქ ხელახლა დამკვიდრება სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გავუწევთ ქალებსა და გოგონებს, შევუქმნით მათ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობა გადაიტანეს”.
კითხვაზე, როგორ განხორციელდება ეს მხარდაჭერა და ვისი მეშვეობით, მან უპასუხა: „ვითანამშრომლებთ ჩვენს სანდო პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან და გაეროს სააგენტოებთან, რათა მოსახლეობას დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ. ეს ცვლილებას მომავალი წლის დასაწყისიდან მოიტანს”.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოში ორ მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაიღო: „მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 280 000 მცირე და საშუალო საწარმოს, რამაც 38 000 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი. კიდევ ერთი პროექტი ხაშურსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლით უზრუნველყოფას უკავშირდება, რითაც 44 000-მა ადამიანმა ისარგებლა. ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით ხორციელდება; თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შესამჩნევად შემცირდა. გარდა ამისა, ქვეყანას ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ათი სადგურით ვუზრუნველყოფთ“.