სამართალი
პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილი დანაშაულს აღიარებს, ინანიებს და საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამასთან, როგორც საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება.

„თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ელიზბარაშვილს 9 თვით პირობითი მსჯავრი 1 წლის გამოსაცდელი ვადით და 50 000 ლარის ჯარიმა შეეფარდა, რის შემდეგაც იგი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.