რელიგია
თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვის აღვლენის შემდეგ მრევლს მიმართა. საკვირაო ქადაგებისას უწმიდესმა აღნიშნა, რომ „დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ დედამიწა და საქართველო იარსებებს“.
პატრიარქის თქმით, „დრო სამი კომპონენტისგან შედგება. წარსული უკვე წავიდა, ვერაფერს შეცვლით. აწმყო კი ისეთი სწრაფია, რომ ნათქვამი სიტყვაც უკვე წარსულია. მთავარი მომავალია. ერთი წინადადებაა, რომელზეც ყველა ქართველი ფიქრობს, ეს არის საქართველო ხვალ, ანუ როგორ წარმოგვიდგენია ხვალ საქართველო“.
„ჩვენზე დიდი ერები იყვნენ და პირისაგან მიწისა აღიგავნენ. ჩვენ წარსული უნდა გავაანალიზოთ. სასწავლებლებში აუცილებლად ანალიტიკური აზროვნება უნდა შემოვიდეს, თორემ მრავალ შეცდომას დავუშვებთ“, – ბრძანა პატრიარქმა და მრევლს „უკვე დაშვებული შეცდომების გაანალიზებისკენ მოუწოდა“.