ზუგდიდი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზედაეწერის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის – ლაშა ექონიას, საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პოლიციელის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე 1 „პრიმა“ მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ე“ ქვეპუნქტებით არის აღძრული. ეს მუხლი წამების ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. მის მიერ ორ პოლიციელთან ერთად ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის არსებითი განხილვა პოლიცელ ლაშა ექონიას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს, დილით, მოქალაქე ალექსანდრე სართანიას პოლიციელმა ლაშა ექონიამ ორ პოლიციელთან ერთად სახლიდან გაიყვანა და ეჭვიანობის ნიადაგზე ზედაეწერის ტყეში უმოწყალედ სცემა, შემდეგ მანქანაში ჩატენა და კოლხიდას ტყეში ცოცხალ-მკვდარი მიაგდო.
ლაშა ექონიას მეუღლე ალექსანდრე სართანიას სტომატოლოგი იყო. დაზარალებული მხარის ცნობით, პაციენტმა სატელეფონო შეტყობინებით ექიმს კლინიკაში ვიზიტის დრო შეუთანხმა და სწორედ ეს მესიჯი გახდა ლაშა ექონიას ეჭვიანობის მიზეზი.