სარკოზის გამოსვლას თბილისში აქციით შეხვდებიან
თბილისი, 3 ოქტომბერი,
საქინფორმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირას საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. 7 ოქტომბერს, 17:30 საათზე, ის თავისუფლების მოედანზე ქართველ კოლეგასთან ერთად ქართველ ხალხს მიმართავს. სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე საზოგადოების მისამართით მოწოდებები გაჩნდა. ქსელის მომხმარებლები მოსახლეობას საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ აუწყებენ და 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.
„ნუთუ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, 7-ში თავისუფლების მოედანზე ევროპას აჩვენოს, რომ საქართველოში ყველა „ნაციონალებს“ უჭერს მხარს? იქნებ სამოქალაქო საზოგადოებამ შევძლოთ თვითორგანიზება და მოვახდინოთ პროტესტის დემონსტრირება. თუ მარტო „ფეისბუქში“ გულისფხანა შეგვიძლია?“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.