თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღონ იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და გადამოწმების მიზნით ცოტა ხანში ჩამოყალიბდება.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამგვარი კომისიის შექმნის თაობაზე საარჩევნო კოდექსში დამატება პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭისყრა ვერ მოახერხა კვორუმის უქონლობის გამო.
კანონპროექტის თანახმად, კომისია, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს და მის მიერ 2012 წლის 1 ივლისისთვის ცესკოში წარდგენილი სია უნდა იყოს „ამომრჩეველთა ერთიანი სია“.მოქმედი კოდექსით, სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელია ცესკო, რომელიც წელიწადში ოთხჯერ – მათ შორის, 1 აგვისტოს, – შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, მათ შორის, სამოქალაქო რეესტრიდან, იღებს სიებზე განახლებულ ან ახალ მონაცემებს, რის საფუძველზეც უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას. კანონის ეს ნორმა ძალაში რჩება და უცვლელად არის ასახული საარჩევნო კოდექსის ახალ პროექტშიც.
ლევან ვეფხვაძემ, დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, რომელიც მმართველ პარტიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში მომზადებული ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, 30 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ განიხილება საკითხი, რომ გადაიხედოს კომისიის შემადგენლობის ოდენობა და ის განისაზღვროს არა 21 წევრით, როგორც ეს ინიცირებულ ვარიანტშია გათვალისწინებული, არამედ არანაკლებ 21 წევრით, რათა „ეს პროცესი ღია იყოს და რაც შეიძლება მეტმა სუბიექტმა მიიღოს მასში მონაწილეობა“.
მან პარლამენტში ახლად შექმნილი ოპოზიციური ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისათვის“ – კითხვების პასუხად, კონკრეტულად ვერ დაასახელა ის თანხა, თუ რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამგვარი კომისიის შექმნა და არც ის კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები ჩამოთვალა, რომლებიც ამ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა ვეფხვაძემ იქვე აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება გააფორმეს, ამ კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.
„ვერ დაგადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენ ერთად გააყალბებთ ამ სიებს... მაგრამ არ გენდობით“, – განუცხადა კოლეგას ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ფრაქციიდან „ერთობა სამართლიანობისათვის“, მხედველობაში ჰყავდა რა შეთანხმების მონაწილე სუბიექტები.
კომისიის მუშაობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს სამი წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
„სამართლიანი არჩევნების“ ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს 30 სექტემბერს განუცხადა, რომ მისი ორგანიზაციის „მანდატი და კომპეტენცია არ არის პასუხისმგებლობის აღება სიების ფორმირებაზე“.
„ჩვენ ამ ცვლილებების არსებულ რედაქციას არ ვეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ სიების ფორმირება უნდა განახორციელოს მუდმივმოქმედმა ორგანომ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ სიებზე მონიტორინგის განხორციელებას კვლავაც გეგმავს.
ანალოგიური პოზიცია აქვთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“.
„ახალი ინსტიტუციის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პოლიტიკური პარტიებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით, არ მიგვაჩნია სწორად, – განუცხადა საია-ს საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ ჟურნალისტებს, – ეს არის ისეთი ფუნქცია, რომელიც მუდმივმოქმედმა ორგანომ უნდა გააკეთოს – ისეთმა მსხვილმა და კარგად აღჭურვილმა უწყებამ, როგორიც არის სამოქალაქო რეესტრი და არა 2012 წლის არჩევნებისთვის ერთჯერადად შექმნილმა კომისიამ, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები ცესკოსა და სამოქალაქო რეესტრთან მიმართებაში, ასევე, ბოლომდე მკვეთრი არ არის“.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ამ სამი ორგანიზაციის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის გაგებით ეკიდება „მათ არჩევანს“, თუმცა იქვე დასძინა, რომ „იქნებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც მიიღებენ მონაწილეობას“ კომისიის მუშაობაში.
„ეს მათი გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი მიდგომა – მათ ურჩევნიათ, რომ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იმუშაონ ამ სიის საკითხზე, თუ, უბრალოდ, უნდათ, რომ პრეტენზიები წამოაყენონ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ „სია არ ვარგა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.