უცხოეთი
ლავროვი: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსი სამხედროები ანადგურებენ დრონებსა და რაკეტებს, რომლებსაც ბრიტანეთი და ევროპა უკრაინას აწვდიან

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაში, სადაც უპასუხა BBC-ის ჟურნალისტ სტივ როზენბერგის კითხვას -აწარმოებს თუ არა რუსეთი „ჰიბრიდულ ომს“ ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ.

„ის, რომ ეს არის ომი, რომელსაც ევროპა ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, მე არანაირ ეჭვს არ მიჩენს, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ“, – განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი ანადგურებს დრონებსა და რაკეტებს, რომლებსაც ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა უკრაინას აწვდიან.

რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევისთვის შეიარაღების მიწოდება ხელს უშლის კონფლიქტის მოწესრიგებას და მასში ნატოს ქვეყნებს პირდაპირ რთავს.

ამასთან, ლონდონმა ჯერ კიდევ აპრილში გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს კიევს 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 135 მილიონ დოლარს გამოყოფს აშშ-სგან უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის ტიპის რაკეტების შესასყიდად.

რუსეთში დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დეინი დოლაკია სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადაეცა მკაცრი პროტესტი ლონდონის მიერ კიევის რეჟიმისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა შეიარაღების სისტემების მიწოდების შემდგომი გაზრდის გამო.

sputnik-georgia.com