პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: წარსული ადამიანები და დიპლომატია დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე (ნაწილი პირველი)

   წარსულ ადამიანებს ვუწოდებ მათ, ვინც მხოლოდ წარსულით ცხოვრობს და არ შეუძლია საკუთარი ცნობიერების წრის გარღვევა, რათა გადავიდეს ახალ დონეზე, მომავალში. საცირკო მანეჟის ჩაკეტილ წრეს არღვევენ მხოლოდ იმისთვის, რათა გაუშვან წარსულები კულისების ბინდბუნდში, ან შემოუშვან ისინი უკან გაკაშკაშებულ მანეჟზე, მაგრამ ყოველთვის… რეჟისორის ბრძანებით! თუმცა წარსული ადამიანები აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ თავისუფლები არიან და მოქმედებენ თავიანთი ნებით. ისინი ვერ ხედავენ მომავალს და ამიტომ უარყოფენ მის არსებობას, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალი — ეს მხოლოდ კარგად დავიწყებული წარსულია. ზუსტად ამ პრინციპით უარყოფენ ისინი ევოლუციას და ღმერთის არსებობას, რადგან მათ ვერ ხედავენ და დარწმუნებულნი არიან, რომ სამყარო მთავრდება ძველი ცირკის კედლებს მიღმა…

დღეს წარსული ადამიანები, ანუ ადამიანები მომავლის გარეშე, ვულგარულად დაჰყავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადგილობრივი პოლიტიკური კლანების კრიმინალური გარჩევების დონემდე, რადგან არ შესწევთ უნარი, გააცნობიერონ ქართული პროცესების განუყოფელი ურთიერთკავშირი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ტრანსფორმაციასთან.

   მე გიამბობთ ამის შესახებ და იმაზე, თუ რატომ გვიშლიან ცხოვრებაში ხელს ზედმეტი ადამიანები, რომლებიც მუდმივად ბრუნდებიან წარსულიდან ზომბებივით, და აგრეთვე მომავლის ადამიანებზე, რომლებიც მათ შესაცვლელად მოვლენ.

ყინულსვლა და პეპლის ეფექტი უკუღმა

   გრძელვადიანი პოლიტიკური პროგნოზების რომანტიკული ხანა, ქართველი პროქტო-პოლიტოლოგებისთვის საუბედუროდ (პროქტო — იმიტომ, რომ პოლიტიკას უკნიდან უყურებენ, როგორც პროქტოლოგები — თავიანთ პაციენტებს) წარსულს ბარდება. დღეს პროგნოზების რეალიზებას ან მათ გაუმართლებლობას დიდხანს ლოდინი არ სჭირდება, ხანდახან — სულ რამდენიმე დღე, რადგან მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების თანმხლები პროცესების აჩქარება დიდხანს ფიქრისთვის დროს აღარ ტოვებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ცივი ომის „ყინულმა“, რომელმაც შებოჭა ურთიერთობები სსრკ-სა და აშშ-ს შორის, შექმნა გლობალური წონასწორობა, რაც გამყარებული იყო ორმხრივი ეკონომიკური ინტერესებით (ენერგომატარებლები, ნედლეული, ტექნოლოგიები და სხვ.). „ყინულის საფარის“ დაძაბულობას პერიოდულად ხსნიდა ლოკალური კონფლიქტები „მესამე ქვეყნებში“ (კორეა, ვიეტნამი, ანგოლა, სალვადორი, ლიბია, სირია, ერაყი, ავღანეთი), თუმცა ეს სტაბილურობაც კი, რომელიც გარანტირებული იყო მხარეების მიერ ბირთვული იარაღის ფლობით, დასავლურ პოლიტიკურ ელიტებს ზედმეტად რუტინულად მოეჩვენათ — მოუნდათ მეტი და უფრო მალე!

რუსეთში „ბოლოტნაიას რევოლუციამ“ არ გაამართლა, სამაგიეროდ უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუცია“, საქართველოდან მიწვეული დესანტის მხარდაჭერით, რუსეთთან ომში გადაიზარდა დონბასში, როგორც ცხინვალში 2008 წელს. ოღონდ უკრაინაში ომი 4 წელზე მეტია გრძელდება, ხოლო საქართველოში 4 დღეში დასრულდა იმის გამო, რომ მაშინ დასავლეთში არ გარისკეს დაერღვიათ თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, არ აღმოუჩინეს საქართველოს სამხედრო დახმარება ისე, როგორც უკრაინას ეხმარებიან დღემდე, მოერიდნენ რა რუსეთთან კონფლიქტს. დღეს ევროპულ ელიტებს რუსეთის არ ეშინიათ და ამიტომ უცნობია, რა იქნება ჯერ — მათი გადადგომა, თუ მათ გონს მოიყვანს რუსული ბირთვული ფარი.

   ყველამ უკვე დაივიწყა 2008 წლის აგვისტო, როდესაც კონდოლიზა რაისმა თითქოსდა გამოლანძღა სააკაშვილი იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა აშშ-სთან არ შეათანხმა ცხინვალის დაბომბვა. წლების შემდეგ ზუსტად ასევე არავის გაახსენდება, რომ აშშ ძალისხმევას არ იშურებდა თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, მაგრამ ამას ეწინააღმდეგებოდა ევროპა, რომელმაც 2008 წელს შუამავლის როლი ითამაშა.

   პროცესები გააქტიურდა XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მიჯნაზე, ხოლო 2022 წლიდან ერთპოლარული სამყარო, და მასთან ერთად — შეკავებისა და დაბალანსების მთელი სისტემა გაიბზარა და ყინულსვლის დროს ყინულის ლოდებივით გაცურდა. დღეს ქართველი მომხმარებელი, შედის რა მაღაზიაში, აფთიაქში ან ბენზინგასამართ სადგურზე, საკუთარ ჯიბეზე გრძნობს, რომ პატარა ქვეყანაც კი, რომელიც არ არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ვერ დარჩება დასავლეთის მიერ წინდაუხედავად წამოწყებული ერთმანეთთან დაკავშირებული გლობალური კატაკლიზმების მიღმა („პეპლის ეფექტი“, ოღონდ უკუღმა).

ახალი მიდგომა, ანუ ცურვა ყინულებს შორის და მათ ქვეშ

   სამყაროს ხისტი გადანაწილების პირობებში, როდესაც ცივილიზაციები და ეროვნული ინტერესები ყინულის ლოდებივით ეჯახებიან ერთმანეთს, ზედაპირზე დარჩებიან მხოლოდ პროგრესულად მოაზროვნე პრაგმატიკოსები, ვინც არ ჩაეჭიდა ძველ შტამპებს, როგორც ყინულის ბასრ და მოლიპულ კიდეებს, არამედ შეძლო ახალი რეალობის გადააზრება, სრულად უარი თქვა რა ემოციებზე და „ჩონჩხებზე საკუთარ კარადაში“. სწორედ ეს არის ახალი მიდგომა, მის უკან მომავალია, თუმცა „სუფთა წყლამდე“ ვერ მიაღწევს ყველა ის გაბედული, ვინც ყინულებს შორის და მათ ქვეშ ცურვა გარისკა. მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი და ძლიერი ლიდერები, და თუნდაც მათი მეთოდები ზოგჯერ ცივი, მკაცრიც კი იყოს, სამაგიეროდ სამართლიანი, ყოველ შემთხვევაში — არ არის იმაზე მკაცრი, ვიდრე ნებისმიერი ომი, შიმშილი და სიცივე. ვისაც აქვს ამბიცია, რომ გადაწყვიტოს ადამიანების ბედი, არ უნდა ჰქონდეს კომფორტისა და სითბოს იმედი, რადგან პოლიტიკა არ არის საღამო ბუხართან მეგობრების წრეში.

   საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, შედის რა დღეს მაღაზიაში, აფთიაქში ან ბენზინგასამართ სადგურზე, დიდად არ დრტვინავს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე მაღალი ფასების გამო, რადგან მადლიერია მისი მშვიდობისთვის. და კიდევ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ძალიან დასანანი და საწყენი შეცდომების მიუხედავად, სჯის პირთა ვინაობისა და წარსული დამსახურებების მიუხედავად, და არა პოლიტიკური კუთვნილების პრინციპით: მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ალბათ არ გაუსამართლებიათ უმაღლესი ხელისუფლების ამდენი წარმომადგენელი, თანაც ერთდროულად. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაც მადლიერი უნდა იყოს შეგნებული მოქალაქეების გაგებისა და მოთმინებისთვის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ „ქართული ოცნების“ დადგენილების მოლოდინში ხელისუფლების ნეგატიური ელემენტებისგან ტოტალური წმენდის შესახებ და იმედოვნებენ, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი გაგრძელდება, ხოლო მათი კეთილდღეობა, შესაბამისად, გაუმჯობესდება. ბენზინის ლიტრი დოლარ-ნახევარს გადაცდა, თბილისის ქუჩებში კი ისევ „საცობები“ და ასობით ათასი დოლარის ღირებულების მანქანებია! ამიტომ ხელისუფლების ყველა შტოს და დონის მექრთამეები, მილიონერი-პარლამენტარები, რომელთა სავარძლებშიც პატიოსანი პროფესიონალები უნდა მსხდარიყვნენ, აგრეთვე მათთან ჭიპლარით დაკავშირებული საქმოსნები, გრანტიჭამია უცხოური აგენტები და სხვა კომბინატორები, რომლებიც ძველი ყაიდით მუშაობენ, აუცილებლად უნდა ჩაბარდნენ წარსულს და ნაქურდალი სალხს დაუბრუნონ. სამუდამოდ უნდა წავიდნენ და ხალხს მისცენ ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა! ახალი თაობებისთვის წარსულის ძალით თავსმოხვევა მაინც არ გამოვა, ეს მხოლოდ მორიგ კონფლიქტებს შობს, გაამწვავებს უნდობლობასა და განხეთქილებას საზოგადოებაში.

   არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

2026 წლის 1 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

(გაგრძელება იქნება)