საზოგადოება
ჩინეთში თბილისის მეტროსთვის დამზადებული ახალი მატარებელი წარადგინეს

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ში სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის დამზადებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონიას დაესწრო.

მერის განცხადებით, დედაქალაქის მეტროპოლიტენის 111 ახალი ვაგონით განახლება ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან თბილისის მეტროს ახალი ვაგონები ბოლოს 34 წლის წინ შეემატა. პროექტი საქართველოს მთავრობის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა (AIIB) და კომპანია GT Group-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პირველი თანამედროვე ოთხვაგონიანი შემადგენლობის წარმოება, რომელიც თბილისში წლის ბოლომდე ჩამოვა. საერთო ჯამში თბილისის მეტროპოლიტენს 25 ახალი მატარებელი შეემატება (14 ოთხვაგონიანი და 11 ხუთვაგონიანი). როგორც CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლი დინგ ნანიმ აღნიშნა, პროექტი „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთ-საქართველოს ნაყოფიერი პარტნიორობისა და მეგობრობის სიმბოლოა.