საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო სამართალი ერთობლივი რეაგირების საფუძველი უნდა იყოს

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე („გზები მშვიდობისკენ: უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნება“) სიტყვით გამოსვლისას უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს... ომი მტკივნეულად აისახება გახლეჩილ ოჯახებზე, მშობლიურ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილ ბავშვებზე“, — აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს ტკივილი განსაკუთრებით ნაცნობია:

„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციამ ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და მათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტური უფლება შეუზღუდა. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების გახლეჩით გამოწვეული ტკივილი. ეს გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა ქმნიდეს ჩვენი ერთობლივი რეაგირების საფუძველს. საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.