საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა ძალადობის გამართლებას არ მოითხოვს

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას ევროკავშირის დაფინანსებით მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) დაგეგმილი კონცერტისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შესახებ.

„გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს დედა აგინა. ღონისძიების მასპინძელი კი გორის არტ-ჰაუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმავე ადამიანებს „მონებს“ უწოდებს. ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა... გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა“, — წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ევროკავშირის ამგვარმა პოზიციამ შეურაცხყოფის ავტორს პოლიტიკური წახალისება მისცა, რის შედეგადაც დაუგმობელი სიძულვილი და აგრესია ნორმად იქცევა:

„ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია, იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავდროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია, დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ. გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს“, — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.