საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში რუსმა ტურისტებმა დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ქვები დაუშინეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საზოგადოების მწვავე რეაქციის შედეგად აღიძრა.
ინციდენტი სოხუმში 20 სექტემბერს მოხდა. რუსეთის ორმა მოქალაქემ — იური ჩუდინმა და სერგეი ბესონოვმა ქუჩაში ადგილობრივ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მოკვლით დაემუქრნენ და ქვები დაუშინეს. დაზარალებული ქალი, რომელიც თავის ტვინის დახურული ტრავმითა და სხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე აღმოჩნდა.
თავდაპირველად სოხუმის მილიციამ მომხდარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეაფასა და ტურისტებს ნარკოტიკულ შემოწმებაზე უარის გამო მხოლოდ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია Telegram-არხმა „აიაშარამ“ გაავრცელა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა და შემდგომი გამოძიებისთვის სოხუმის პროკურატურას გადაეცა.
Jam-news