საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელსაც რუსი ტურისტის მკვლელობაში ედება ბრალი, დაკავების შემდეგ დანაშაული აღიარა. ასევე გაირკვა, რომ ედგარ აბუხბა მანამდე მძიმე დანაშაულისთვის — გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქის, 26 წლის ამინა ბიკბოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ორენბურგის მცხოვრები გოგონა გაგრაში იმყოფებოდა დასასვენებლად, სადაც 25 წლის ადგილობრივ ხილის მოვაჭრეს, ედგარ აბუხბას შეხვდა. 24 სექტემბერს აბუხბამ ის ყავაზე დაპატიჟა, რის შემდეგაც გოგონა გაუჩინარდა და ოჯახთან კონტაქტი შეწყვიტა. მშობლების მიმართვის შემდეგ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს.
თავდაპირველად აბუხბა დანაშაულს უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით მკვლელობა აღიარა და მიუთითა ადგილი, სადაც ცხედარი დამალა. მისი ჩვენების თანახმად, მან გოგონა ნაქირავებ ბინაში წაიყვანა, სქესობრივი კავშირის შემდეგ კი გაგუდა და ცხედარი საბანში გახვეული მდინარე ბზიფის ნაპირზე დატოვა.
2019 წელს აბუხბამ სოხუმში კიდევ ერთი რუსი ტურისტი სასტიკად გააუპატიურა და აგურით თავში დარტყმებით მისი მოკვლა სცადა. მაშინ მას არასრულწლოვანების გამო სასჯელი შეუმსუბუქეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საიდანაც მან 4,5 წელი მოიხადა და 2024 წლის თებერვალში გათავისუფლდა. ახალი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
Jam-news