საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში ხალხებს შორის ისტორიულ მეხსიერებასა და ნამდვილ დიალოგზე საუბრობს.
მეუფე ზენონი იხსენებს 2001 წელს, ირანის პრეზიდენტ მოჰამედ ხათამის მიწვევით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ვიზიტს ირანში. მთავარეპისკოპოსის თქმით, ნამდვილი კეთილმეზობლობა და დიალოგი მაშინ იბადება, როდესაც მხარეები ერთმანეთის ტკივილს პატივს სცემენ და არა მაშინ, როდესაც ისტორიის გადაწერას ცდილობენ:
„ამ ტკივილის ნათელი სახეა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, რომელიც 1624 წელს შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით აწამეს... თეირანში ქრისტიანი ქართველების პატარა სასაფლაო და მცირე ტაძარია. ქართველი ხალხისთვის გასაგები ენა და კეთილმეზობლობის ნათელი გამოხატულება იქნება, თუ ეს ტაძარი წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელზე ამოქმედდება და ქართველ სასულიერო პირს წელიწადში ერთხელ მაინც, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, იქ საღვთო ლიტურგიის აღსრულების უფლება მიეცემა“, — აცხადებს მეუფე ზენონი.