საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს.
უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევისთვის ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათის სულ 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე ცნობილია 370 ნიმუშის კვლევის შედეგები და ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს სრულად აკმაყოფილებს.
მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, კარაქი, არაჟანი, პასტერიზებული რძე), ხორცი და ხორცპროდუქტები, მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. პროდუქცია შემოწმდა მძიმე მეტალებზე, ნიტრატებზე, მიკრობიოლოგიურ პარამეტრებსა და პათოგენებზე (სალმონელა, შიგელა, კოლიფორმები და სხვ.). დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.