საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის („ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“) თანახმად, შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC) სტრატეგიულმა ინვესტიციებმა და რეფორმებმა 2040 წლისთვის შესაძლოა მარშრუტზე სავაჭრო ბრუნვა 3-4-ჯერ გაზარდოს, ტრანზიტის დრო ორ მესამედამდე შეამციროს, რეგიონის მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარკინიგზო სექტორს. მსოფლიო ბანკი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს რკინიგზა“, მიუხედავად ქსელის შედარებით მოკრძალებული მასშტაბისა (დაახლოებით 1,400 კმ; 13.7 მლნ ტონა ტვირთი), სტრატეგიულად კრიტიკული სისტემაა და ინფრასტრუქტურის გამოყენების მაღალი მაჩვენებლებით, აგრეთვე მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევა.